ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დარწმუნებული ვარ კვალი მიგვიყვანს ისევ გათავხედებულ მდგომარეობამდე რუხი კარდინალისა”

“მან მისცა თავს უფლება, თავისი ოქროს თევზების მეშვეობით გადაეჭრათ და ისე გამოეგზავნათ პატრიარქის ვიდეო”, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში, გადაცემა ”იმედის დროსთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. საუბარია პატრიარქის ვიდეომიმართვის მონტაჟზე, რაშიც ის სავარაუდოდ, შორენა თეთრუაშვილს ადანაშაულებს.

”პატრიარქის ვიდეოს არასრულ ვერსიას რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ კვალი მიგვიყვანს ისევ გათავხედებულ მდგომარეობამდე რუხი კარდინალისა, ეკლესიაში არსებულისა. დარწმუნებული ვარ, სხვა ვერც ერთი ადამიანი ამ პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქი ბევრად უფრო კეთილად მოიხსენიებდა მამა გიორგი მამალაძეს თავის საუბარში და მან მისცა თავს უფლება, თავისი ოქროს თევზების მეშვეობით გადაეჭრათ და ისე გამოეგზავნათ.

ძალიან ადვილია გამოძიება ჩატარდეს. როგორც ვიცი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიიდან აიტვირთა. იქ ვკითხოთ, ვინც ატვირთა და როგორი სახით მიიღო. ან გამომგზავნმა გადაჭრა, მაგრამ კვალი აუცილებლად მიგვიყვანს, იმიტომ, რომ პატრიარქის გარემოცვაში სხვა პასუხისმგებლობის მქონე პირი ამ საკითხთან მიმართებაში მე არ მეგულება.

ეს არის ფაქტი იმისა, თუ რის უფლებას აძლევს თავს პატრიარქის გარემოცვა. როგორ იზოლაციაშია პატრიარქი და როგორ არასრულყოფილად ხდება პატრიარქის სიტყვის ჩვენამდე მოსვლა”, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „ობიექტივმა“ გაავრცელა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 16 თებერვლის მიმართვის სრული ვერსია, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, თვითონ მოიპოვეს. მათივე განცხადებით, 16 თებერვალს მედიით გავრცელებული პატრიარქის ვიდეომიმართვა დამონტაჟებულია. „ობიექტივის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, პატრიარქი ასევე, ყურადღებას ამახვილებს დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებებზე. ილია მეორის პირველი მიმართვიდან, რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის გვერდზე გავრცელდა, ამოჭრილია შემდეგი ნაწილი:

„რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან – მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს? – ამბობს პატრიარქი.

„ობიექტივის“ მიერ გავრცელებული პატრიარქის მიმართვის სრული ვერსია ასეთია: „მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულის. ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ეს არის აღმოსავლური სიბრძნე. სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან.

რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან -მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?
მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა და ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო“, – აცხადებს პატრიარქი.

იტვირთბა....