პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე ამბობს, რომ “ობიექტივის” მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ჩანაწერის შემდეგ უნდა გაირკვას ვინ გააკეთა, რატომ გააკეთა, რისთვის, რას ისახავდა მიზნად, რომ პატრიარქის საუბრის ჩანაწერის სრული ვერსია არ გამოქვეყნებულიყო.
ზვიადაძის თქმით, რთული სათქმელია, ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს მსგავსი ქმედება. მამა გიორგი ზვიადაძე საკითხის ძირფესვიანად შესწავლამდე ვარაუდებისა და ეჭვების გამოთქმისგან თავს იკავებს.
„საქართველოს საპატრიარქო დეტალურად შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და შემდეგ აცნობებს საქართველოს მოსახლეობას საქმის დეტალებს. საპატრიარქო ძალიან დიდ პატივს სცემს საქართველოს მოსახლეობას და აუცილებლად მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას, თუმცა მანამდე აუცილებელია, რომ საკითხი კარგად და გამოწვლილვით იქნას შესწავლილი” – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
როგორც პროტოპრესვიტერმა აღნიშნა, პატრიარქის ვიდეომიმართვის ის ნაწილი, რომელიც პირველად გავრცელებულ ვიდეოში ამოჭრილი იყო, საფუძვლიანად ცვლის პატრიარქის ვიდეომიმართვის კონტექსტსა და შინაარსს.
„ვიდეომასალის სრულ ვერსიაში ჩანს, რომ გარკვეულ კითხვებს სვამს პატრიარქი, ეს კითხვები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად იყოს. აუცილებელია, რომ საშუალება მივცეთ, გამოძიება ობიექტურად წარიმართოს. თუ აღმოჩნდება გამოძიების შედეგად გარკვეული მასალები, ეკლესიას გვმართებს, პირდაპირ შევხედოთ და თვალი გავუსწოროთ სიმართლეს” – განაცხადა პროტოპრესვიტერმა.
როგორც მამა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, ის დღეს პატრიარქს ტელეფონით ვიდეომიმართვის ახალი ვერსიის გავრცელებამდე ესაუბრა და მან საქართველოს მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„პატრიარქმა მითხრა, რომ საქართველოს მოსახლეობა დამემშვიდებინა და სიმშვიდისკენ მომეწოდებინა. მან ბრძანა, რომ არ არსებობს საქართველოს ეკლესიაში შფოთვისა და დაპირისპირების მიზეზი. ის საქართველოში ორშაბათს ჩამობრძანდება” – განაცხადა პროტოპრესვიტერმა.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიდეო-მიმართვის ახალი ვერსია გუშინ „ობიექტივმა” საკუთარ ეთერში გაავრცელა. ვიდეომასალის პირველად გავრცელებულ ვერსიაში არ ყოფილა შემდეგი ფრაზა: „რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს ხან მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს?“.
ბერლინიდან, საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიმართვა 16 თებერვალს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის „ფეისბუქის“ გვერდზე ორ ნაწილად გავრცელდა.