საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდა. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მზადაა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას ხელი შეუწყოს. მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვაშინგტონში შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორი და მოკავშირეა და აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობის გაღრმავებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია.
მაიკ პენსმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის მეორე დღეა. კონფერენცია გუშინ დაიწყო და სამი დღე გაგრძელდება.