“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ფიქრობს, რომ “რუსთავი2”-ის გადაწყვეტილება, რომ მაუწყებლობა შეეწყვიტა იძულებითი ნაბიჯია.
ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებას ”რუსთავი 2”-ის წართმევა აქვს გადაწყვეტილი და ეს პროცესი დასკვნით ეტაპზეა. დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ იძულებით აქციას საზოგადოებაში შესაბამისი რეზონანსი მოჰყვება და აქციაზე ბევრი ადამიანი მივა.
”ის ნაბიჯი, რაც „რუსთავი 2“-მა გადადგა რა თქმა უნდა, არის იძულებითი. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როცა ტელეკომპანიას იძულებით უწევს საკუთარი ეთერის გათიშვა საპროტესტო აქტის გამო. ეს არის იძულებითი ნაბიჯი, რომელიც იმედი მაქვს საზოგადოებაში რეზონანსს გამოიწვევს და იმედი მაქვს, რომ სიტყვის თავისუფლების აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვა, რადგან ამ ქვეყანაში გათიშული ტელევიზიები და სატელევიზიო სივრცე, რომელიც კონტროლდება ერთი ადამიანის და ერთი სარედაქციო პოლიტიკის მიერ, არის ძალიან ცუდი თითოეული ჩვენგანისთვის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა მაუწყებლობა შეწყვიტა. ამის შესახებ გადაწყვეტილება არხმა გუშინ საღამოს მიიღო. გადაწყვეტილების შესახებ “კურიერის” სპეციალურ გამოშვებაში არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.