აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რაზე მიუთითებს შეუთანხმებლობა საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის

ექსკლუზიური ინტერვიუ თეოლოგ ლევან აბაშიძესთან

თეოლოგი ლევან აბაშიძე „მეტრონომთან“ ინტერვიუში საპატრიარქოში და ეკლესიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. აბაშიძის თქმით, დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის დაკავება და ის პროცესები რომელიც ამ საქმის ირგვლივ ვითარდება, ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილს ნაკლებად ჰგავს.

მისი აზრით, მაშინ პროკურატურის და მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები ასეთი არათანმიმდევრული არ უნდა ყოფილიყო. თეოლოგის აზრით, რთულია იმის პროგნოზირება, სინამდვილეში საპატრიარქოში რა ხდება – ეს არის პირადი დაპირისპირება, რომელიც ძალიან დიდ პოპულიზმში გადაიზარდა თუ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის დამალვაც დიდი ხანი ვერ მოხერხდება.

„მეტრონომი“: როგორ ფიქრობთ საპატრიარქოში მიმდინარე სიტუაცია და მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირების ურთიერთბრალდებები, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ საპატრიარქო ტახტისთვის სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს?

ლევან აბაშიძე: ამაზე, ალბათ უფრო ვარაუდების გამოთქმა შეიძლება და  კონკრეტულად რაიმეზე საუბარი რთული იქნება. ის რაც საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დღეებში დაიწყო, ვფიქრობ მართლა რაღაც პროვოკაციაა და საქმე დიდ სიბოროტესთან გვაქვს. ეჭვი მეპარება, რომ ვიღაცა ვიღაცის მოწამვლას აპირებდა, ეს მართლა ძალიან არარეალური მგონია. პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა თუ სხვა კონკრეტული კერძო პირების პირადი დაპირისპირება იკვეთება, ძალიან რთული სათქმელია. ალბათ, ეს გარემოება თავს არ დამალავს და რეალობა მაინც ცნობილი გახდება.

– თუმცა ფაქტია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ, საპატრიარქოში ურთიერთბრალდებები დაიწყო. გამოიკვეთა ორი ფლანგი, სადაც აქტიურ განცხადებებს მეუფე პეტრე და მეუფე იაკობი აკეთებენ. შეიძლება ითქვას, რომ საპატრიარქოში ორი ჯგფუფი არსებობს რომელთა შორის დაპირისპირება მამალაძის დაკავების შემდეგ უფრო გამწვავდა?

– ჯერ-ჯერობით, რასაც მე ვხედავ, ყველაზე აქტიურ განცხადებებს და ბრალდებებს მეუფე პეტრე აკეთებს. ის ამბობს, რომ რაღაც ბნელი ძალები არსებობს, რომელსაც პატრიარქის მდივან-რეფერანტი უდგა სათავეში. თუმცა, ყველა დანარჩენი დუმილს ინარჩუნებს და ღიად რაიმე განცხადებებისგან თავს იკავებს.

ვფიქრობ, გარედან საუბრები და სპეკულაციები უფრო მეტია, ვიდრე თავად საპატრიარქოში. ამიტომაც, მხოლოდ ერთი მეუფის განცხადებები არ არის იმისთვის საკმარისი, რომ ვთქვათ საპატრიარქოში კონკრეტულად რა ხდება.

– შესაძლებელია საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები გარედან მართული იყოს? რამდენად სწორად მიგაჩნიათ პროკურატურის ჯერ ერთი განცხადება და შემდეგ მისი უარყოფა. ასევე მაღალი თანამდებობის პირების კომენტარები, რომ ქვეყანა დიდ უბედურებას გადარჩა.

– მე ვფიქრობ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რომელიც ხელისუფლების მხრიან გაკეთდა იმას ნიშნავს, რომ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები კარგად დაგეგმილი პროვოკაცია არ ყოფილა.

მაშინ ასეთი შეუთანხმებლობა არ უნდა ყოფილიყო. კარგად დაგეგმილი რომ ყოფილიყო მაშინ შეთანხმებული განცხადებები უნდა გაეკეთებინათ. თუ მათ დაგეგმეს, მაშინ გამოდის, რომ ძალიან უხეიროდ დაუგეგმავთ. არ მგონია, რომ ხელისუფლების ინტერესებში საზოგადოების ღელვის გამოწვევა შედიოდეს.

პროკურატურის განცხადება და შემდეგ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული შეფასებები უფრო წინდაუხედაობა და ზედმეტის ლაპარაკი უფრო მგონია. ასეთი ოპერაციების დაგეგმვა ძალიან რთულია, რადგანაც მაშინ საქმეში ძალიან ბევრი ადამიანის მონაწილეობა უნდა მოხდეს, რაც თავის მხრივ, საიდუმლოს შენახვის ნაკლებ გარანტიებს იძლევა.

– გამომდინარე იქიდან რომ ეკლესია ქვეყანაში ყველაზე ძლიერ ინსტიტუტს წარმოადგენს და საზოგადოებაზე საკმაოდ დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ხელისუფლებას მისი კონტროლის ცდუნება არ გაუჩნდება?

– საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ყველა ხელისუფლება, ოპოზიცია, პოლიტიკური პარტია ცდილობს, რომ ეკლესიაში დასაყრდენი ჰყავდეს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მომხრე სასულიერო პირები ჰყავს, მაგრამ ამაში ახალი არაფერი არ არის. ეს ყველა ქვეყანაში ხდება. წინა ხელისუფლებაც და ახლანდელიც მიწებს და ქონებას გადასცემს, ცხადია რომ ყველა პოლიტიკოსს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება სურს. ამიტომაც ეკლესია და სასულიერო პირები მომხრეების მოზიდვის თვალსაზრისით საუკეთესო საშუალებაა. ზოგიერთი ეპისკოპოსი ყოველთვის არის მკვეთრად ოპოზიციის მომხრე და მოწინააღმდეგე. პოლიტიკაში სასულიერო პირების აქტიურობა ახალი არ არის.

ახლა, სიტყვის თავისუფლებაა და სასულიერო პირს ვერ დავუშლით ის ილაპარაკოს რაც მას სურს. არ არის აუცილებელი, რომ მათ ხელი სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე მოაწერონ.

– თქვენ კითხვებს არ გიჩენთ თუნდაც ის ბრალდებები, რომელიც მამა იაკობის მიმართ გაისმის? ბევრი იმასაც ამბობს, რომ მისი ბიოგრაფიიდან ათი წელი ამოღებულია და უცნობია ამ პერიოდის განმავლობაში რას საქმიანობდა. რატომ ისმის მის მიმართ ასეთი ბრალდებები?

– ვფიქრობ, თუ მეუფე იაკობს ხელისუფლებისგან რაღაც სიმპათიები აქვს, ამაში საგანგაშო არაფერია. გვახსოვს მამა იობი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობით გამოირჩეოდა.

მართალია, ეკლესია ნეიტრალური უნდა იყოს და ის პოლიტიკურ ბრძოლაში არ უნდა ერეოდეს. თუმცა, ვერც ეკლესია ვერ მოექცევა იზოლაციაში და ეს ზეგავლენა იქნება. როგორც ჩანს, მეუფე იაკობი ფიქრობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ანტიქრისტეს გზას ედგა და თავის მრევლს მოუწოდა, რომ  ხმა ამ პარტიისთვის არ მიეცათ.

– რას იტყვით ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის დაფინანსებაზე. ფიქრობთ თუ არა რომ მისი გადახედვა უნდა მოხდეს?

– რა თქმა უნდა, საპატრიარქოს დაფინანსების გადახედვა უნდა მოხდეს. ამ თანხების ანგარიშგება უნდა ხდებოდეს. როგორ ხდება ამ ქონების მართვა, მართლა მიდის თუ არა იქ, სადაც უნდა მიდიოდეს? როგორც ვიცით ამ თანხების ყველაზე დიდი რაოდენობა განათლებაზე იხარჯება. თუმცა, კეთდება განცხადებები, რომ იქ მომუშავე პერსონალს საკმაოდ დაბალი ხელფასები აქვთ და არ შეეფერება იმ ხარჯებს, რაც საზოგადოებამ ვიცით.

ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....