საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ჩამოყვანა აღარ აიკრძალება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული კანონპროექტიდან იმ მუხლს ამოიღებენ, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტს კრძალავდა.
„მარჯვენასაჭიანებზე მთავრობამ ინიცირება გააკეთა და პარლამენტმა დეკემბერში საგადასახადო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რამაც განბაჟება გააძვირა და ის რისკები, რაც არსებობდა – მარცხენასაჭიანებთან მიმართებაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა გაიზრდებოდა და მათ გაუთანაბრდებოდა, ეს რისკები შემცირდა. შესაბამისად, უფრო მკაცრ მიდგომებს არ მოვითხოვთ და კანონპროექტიდან ეს ნაწილი ამოღებული იქნება“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, კანონპროქტის პირველადი ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოში ერთი წლის წინ შევიდა. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტის განხილვა, საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეებიდანვე დაიწყება.
საკანონმდებლო პაკეტი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით არის შემუშავებული და მთავრობის მიერ არის მხარდაჭერილი. ცვლილებათა პაკეტი, ავტოსაგზაო შემთხვევების რისკების შემცირებას გულისხმობს.