ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლტოლვილთა სამინისტრო 100 დევნილ ოჯახს იპოთეკურ სესხს დაუფარავს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იპოთეკურ სესხს 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2017 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული ოჯახის ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს წარმოადგენს.

იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის არაუმეტეს 20 000 ლარი. სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტში იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტისთვის 2 მილიონამდე ლარი გამოიყო.

დევნილი ოჯახების შერჩევა, რომლებსაც სამინისტრო იპოთეკურ სესხს დაუფარავს, მინისტრის N320 ბრძანების შესაბამისად, სოციალური კრიტერიუმებისა და დევნილი ოჯახების სულადობის გათვალისწინებით მოხდება.

„დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის“ პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ სესხი უკვე 93 ოჯახს დაუფარა.

იტვირთბა....