ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა

“მეტრონომი” პროცესიდან: 

ნიკა გვარამიას გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასმართლოში დასრულდა. “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებთან პროცესი შეაფასა:

“აბსოლუტურად არაფრით არ იყო ეს შეკითხვები განპირობებული. გამოძიება ცდილობდა შინაარსის გარკვევას, რა და რატომ ვისაუბრე. მათ ავიწყდებათ, რომ ეს გამოძიება არ მიმდინარეობს არც ქრთამის აღებაზე, არც რაიმე სხვა ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებაზე. ამიტომ ჩვენი განმარტება იყო შემდეგი, კითხვები უნდა შეეხებოდეს მხოლოდ გამოძიებას და თუ კითხვები სცდება გამოძიების ინტერესებს, ამ კითვხებზე პასუხისგან თავს შევიკავებთ. მიუხედავად ამისა, მთელ რიგ შემთხვევებში კითხვებზე პასუხები იქნა გაცემული. რა თქმა უნდა, ექსპერტიზის დასკვნა არის ყალბი და იგი არ ასახავს იმ საუბარს, რომელიც იყო და შედგა სამ პირს შორის. საინტერესო ის არის რომ შეუძლებელი გახდა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებაც, რადგან გაუგებარი მიზეზებით, ჩატარდა კომისიური ექსპერტიზა და შსს-ს და სამხარაულის ექსპერტიზები ერთობლივად არიან გასვრილი ამ სიბინძურეში. შესაბამისად, ჩვენ მოგვისპეს შესაძლებლობა ქვეყნის შიგნით ალტერნატიული ექსპერტიზა ჩავატაროთ. ამას გარდა, პროკურატურის პოზიცია იყო ის, რომ უნდა მეპასუხა და გამემხილა წყარო, ან მესამე პირი, და განმარტეს ეს იმით, რომ მე არ ვარ ჟურნალისტი. რა თქმა უნდა, ეს სიბეცე და უცოდინრობაა- ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ახორციელებს ჟურნალისტურ საქმიანობას, არ არის აუცილებელი რომ ჟურნალისტის შტატს იკავებდეს, დაცულია გაუმხელელობის პრივილეგიიით. ყველა ის შეკითხვა, რომელიც მე მიმაჩნია, რომ ამ პრივილეგიით არის დაცული, დარჩა უპასუხოდ. 
გარდა გამოქვეყნებული მასალის შინაარსის ანალიზისა, გამოძიებას არანაირი ნაბიჯი გადადგმული არ აქვს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ცდილობენ ჩემზე ახალი სისხსლის სამართლის საქმე აღძრან, თუნდაც ქრთამის ნაწილით, რაც შეუძლებელია, რადგან სულ ის რომ მელაპარაკა, რაც გამოქვეყნდა, მანდაც არ არის ქრთამის შეთავაზება. ეს ჩანაწერი ორგანიზაციაშივე განადგურდა, რადგან არ გამოდგებოდა მტკიცებულებად. ჩანაწერი გვჭირდებოდა იმის მტკიცებულებად, რომ “რუსთავი 2″-ს საფრთხე ემუქრებოდა. მაგრამ მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომ ინფორმაციას არ ფლობდა ამის შესახებ. სამი ადამიანი ვსაუბდრობდით, მეოთხე ადამიანის საუბარი არ მახსოვს. არცერთ ჩანაწერში არ ისმის ეს. ეს ხდებოდა ორი წლის წინ და დეტალები არ მახსოვს. არ მითქვამს, რომ დაკავების საშიშროება მაქვს. ვამბობ, რომ შესაძლებელია ახალი საქმე წამოიწყონ ჩემ მიმართ.”-განაცხადა გვარამიამ.

როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, გამოძიებისთვის არაფრისმომცემი დღე იყო:

” კითხვები მიმდინარე გამოძიებასთან კავშირში არ არის. გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევაზე და ვიდეო ჩანაწერის უკანონო მოპოვება-გავრცელებაზე. ამიტომ, ის კითხვები რაც დაისვა, ვერაფრით დაეხმარება გამოძიებას ამ საქმეში და მიმაჩნია, რომ არაფრის მომცემი დღე იყო გამოძიებისთვის. გამოძიების კითხვები იქით არის მიმართული, რომ ხელოვნური საფუძველი შეიქმნას ნიკა გვარამიას სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად. “-განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პროკურორმა, მარიამ გოგორელიანმა არ დაადასტურა გვარამიას და მისი დაცვის მხარის განცხადებები:

” ინფორმაცია, რომ კითხვები საქმეს არ ეხებოდა, მცდარია. შეკითხვების დიდი ნაწილი კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევას ეთმობოდა. ექსპერტიზის დასკვნით, გვარამიას და მამუკა ახვლედიანის  საუბარი ავთენტურია, შესაბამისად, შეკითხვები ეხებოდა ამ საუბარსაც, თუმცა გვარამიამ უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე. “-განაცხადა პროკურორმა.

ნიკა გვარამიას გამოკითხვა დღეს დასრულდა. შეგახსენებთ, რომ  ნიკა გვარამიას დაკითხვა სასამართლოში, მისი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, რომელიც, შს სამინსიტროს კრიმინალურ პოლიციაში იყო დაკითხვაზე დაბარებული, უარი განაცხადა ჩვენება შსს-თვის მიეცა და სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა.

საქმე ეხება 2016 წლის 4 ოქტომბერს www.youtube.com-ზე გამოქვეყნებულ  ჩანაწერს, სადაც ასახულია  ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის პირადი საუბარი. ჩანაწერში აღნიშნულია, რომ ახვლედიანს 6 მილიონიდან შესაძლოა წილი გადაეცეს.  ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა, თუმცა როგორც ნიკა გვარამია აცხადებს, ჩანაწერი დამონტაჟებულია და მასში  სამი პირი მონაწილეობდა, ხოლო მამუკა ახვლედინმა განაცხადა, რომ საუბარში ოთხი პირი მონაწილეობდა.

იტვირთბა....