მონიტორინგის ცენტრ მედიატორის თავჯდომარის მოადგილე დიმიტრი ბიძინაშვილი აცხადებს, რომ ცენტრმა დაასრულა კვლევა, რომელიც ეხება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს და მის ბიზნეს ინტერესებს. ინფორმაციას სააგენტო “პირველი რადიო” ავრცელებს. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2012 წლის შემდეგ დღევანდელი მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები სავარაუდო პრივილეგიით სარგებლობენ, რაც გამოიხატება მის ორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, სადაც ნაჩვენებია, რომ ჯამში 6 მილიონ 874 ათასზე მეტი ლარის ხელშეკრულება აქვს მიღებული სხვადასხვა საჯარო დაწესებულებიდან. “ამავდროულად, ეს ხელშეკრულებები სხვადასხვა დაწესებულებიდან მის კომპანიებს მიღებული აქვს ტენდერის გარეშე, ანუ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. ხუთი წლის განმავლობაში ასეთი 1085 ხელშეკრულებაა. მნიშვნელოვანია კარგად იყოს შესწავლილი მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიების საქმიანობა, გამოირიცხოს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება, ან ბოროტად გამოყენება და საზოგადოებაში არ იარსებობს კითხვის ნიშნებმა, რომელიც მინისტრის და მისი კომპანიების სათათბურე პირობებს გულისხმობს. ასევე მნიშვნელოვანია გაეცეს პასუხი როგორ მოხდა რომ კომპანიებს რომლებიც 2002- 2007 წლებში არიან დაფუძნებული არასდროს მიუღიათ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხელშეკრულება. ძნელია ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი არის დამთხვევა. პირიქით ვფიქრობთ და არ გამოვრიცხავთ, მინისტრ ხეჩიკაშვილის გავლენების გამოყენებას, რომელიც აისახა შემდეგში, მისმა ორმა კომპანიამ საბიუჯეტო სახსრებიდან შვიდ მილიონამდე ლარის ხელშეკრულება მიიღო”. განაცხადა “პირველ რადიოსთან” საუბარში დიმიტრი ბიძინაშვილმა.
“პირველი რადიო” სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პოზიციის დასაფიქსირებლად, უწყების პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მინისტრი საქართველოში არ იმყოფება და ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.