წუხელ ვაკეში სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გვახარია ავრცელებს. მისი თქმით, პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ჭრილობა აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
მედიკოსის განცხადებით, 22 წლის პაციენტი კლინიკაში ღამით, 01:30 საათზე, ფილტვისა და თეძოს მიდამოებში ჭრილობებით შეიყვანეს.
“პაციენტი შემოვიდა კომბინირებული დაზიანებებით, ცეცხლსასროლი ჭრილობებით. იყო მარჯვენა ფილტვის მრავლობითი დაზიანება. ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. ასევე იყო მეორე ცეცხლსასროლი ჭრილობა თეძოს მიდამოებში, რომელიც მიემართებოდა ხერხემლისკენ და გაჩერებულია ხერხემლის სვეტთან. პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და მისი მდგომარეობა რჩება მძიმე”, – აღნიშნა გიორგი გვახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა გვიან ღამით მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი BMW-ს მარკის ჯიპს გაუხსნეს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა. არაოფიციალური ცნობით, მათ შორის იყო ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელი, რომელიც დაიჭრა. მომხდართან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.