„ეს მე არ მეხება, ვიღაც სხვა ადამიანზე ლაპარაკობს ეტყობა“, – ასე უპასუხა პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს .
ბერლინში მყოფმა თეთრუაშვილმა მის წინააღმდეგ ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე მცირე კომენტარი საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა.
რაც შეეხება მიტროპოლიტიის განცხადებას იმის შესახებ, რომ შორენა თეთრუაშვილს საოპატრიარქოში ”ოქროს თევზები” ჰყავს, მდივან-რეფერენტმა შემდეგი რეპლიკით უპასუხა – ”ვაი საყვარელო” და ჟურნალისტის მიკროფონი ხელით მოიგერია.
შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს ” ოქროს თევზს” ეძახის.
მან ისაუბრა ასევე მეუფე იაკობზე და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ის ”უნებლიე თანამონაწილეა შორენა თეთრუაშვილის ინტრიგების”.
”შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს ეძახის ”ოქროს თევზს”. ეს არის პროტოპროსვიტერი გიორგი, ქორეპისკოპოსი თეოდორე პირველ რიგში, რომელიც ფინანსურ საკითხებში არის ყველაზე მეტად ჩართული.
რაც შეეხება მეუფე იაკობს, ის არის ძალიან პატრიოტი ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ შეცდომაშია შესული, რაღაც პიროვნული დაპირისპირებით, ჩართულია სამწუხაროდ ამ ქალბატონის მიერ დაწყებულ ინტრიგებში, უნებლიეთ არის თანამონაწილე. ჩემი პირადი აზრია, რამეთუ ვიცი მისი გულისხმიერება და სიყვარული სამშობლოს და ეკლესიის მიმართ”, – განაცხადა ჭყონდიდის მიტოპოლიტმა.