ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს სასამართლოს მიმართავს: „ნიკა გვარამია მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხოს“

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  გამოძიება შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რათა „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხოს.

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 159-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

2016 წლის 4 ოქტომბერს www.youtube.com-ზე გამოქვეყნებულ იქნა ნიკა გვარამიასა და მამუკა ახველდიანს შორის პირადი საუბრის ამსახველი ჩანაწერი – „ნიკა გვარამია ჰპირდება მოქმედ მოსამართლეს 6 მილიონიდან წილს“.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ჩატარდა კომისიური (ფონო) ვიდეოსკოპიური ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერი ვარგისია ხმის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციისთვის, ჩანაწერზე არ აღინიშნება რაიმე სახის მონტაჟის კვალი, ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებულია ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის ხმები, ხოლო მესამე პირი, რომელიც საუბარში მონაწილეობს, გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელია. გამოკითხვისას ნიკა გვარამიამ მისი ვინაობა არ დაასახელა.

„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ დამატებით გამოსაკითხად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 14 თებერვალს, 18:00 საათზე იქნა დაბარებული. ვინაიდან ნიკა გვარამიამ საჯაროდ განცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას არ აპირებს და სასამართლოში დაკითხვას მოითხოვს, გამოძიება შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რათა იგი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით იქნას დაკითხული“- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ნიკა გვარამიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას არ აქვს ნდომა საგამოძიებო უწყების და ამის გამო დაკითხვაზე არ გამოცხადდა. მისი თქმით, ზემოთხსენებული აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია, მასში მონაწილეობს სამი პირი. რაც შეეხება თანხას, მისი თქმით, აუდიოჩანაწერში თანხაზე ის ესაუბრება მესამე პირს, აბსოლუტურად სხვა თემაზე.

„აუდიოჩანაწერში ფიგურანტი არის სამი პირი. თანხასთან დაკავშირებით მე ვესაუბრები არა მამუკა ახვლედიანს, არამედ მესამე პირს და მას ვესაუბრები აბსოლუტურად სხვა თემაზე, –  „რუსთავი 2-ის“ ვალებზე. ის იყო ხელისუფლებასთან დაახლოებული, მე ის არ დავასახელე, იმიტომ, რომ ვინარჩუნებ წყაროს გაუთქმელობას“- განაცხადა გვარამიამ პრესკონფერენციაზე.

როგორც „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტრომა ბრიფინგზე თქვა, ეს საუბარი დამონტაჟებულია და ამის შესახებ იცის ყველა იმ პირმა, რომელთაც ჩანაწერი მოისმინეს.

„დღეს, საქართველოს ხელისუფლებამ დაამყარა კიდევ ერტი ანტირეკორდი. მან მოსპო ობიექტური და მიუკერძოებელი ექსპერტიზის შესაძლებლობაც. ანუ მთელი ეს ორგანოები არის ხელისუფლების ხელში“ – განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მას დააკავებენ, ტელეკომპანიას უხელმძღვანელებს ზაალ უდუმაშვილი.

 

იტვირთბა....