ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“დეკანოზ გიორგის უწმინდესთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მას წერილობითი მიმართვა არ დასჭირდებოდა”

გაკვირვებას იწვევს “რუსთავი 2”-ის მიერ  გავრცელებული  (სავარაუდოდ) მამა გიორგი მამალაძის წერილი პატრიარქისადმი, რადგან დეკანოზ გიორგის უწმინდესთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მას ეპისტოლარული მიმართვა არ დასჭირდებოდა,-ამის შესახებ გადაცემა “არჩევანში” პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.

ბოტკოველის განმარტებით, მას უშუალო შეხება აქვს საპატრიარქოში გადაცემულ ყველა ქონებასთან, შესაბამისად, მას უნდა სცოდნოდა, თუ რამე დარღვევა ხდებოდა:

“ვისურვებდი მამა გიორგის ბრალეულობა არ დამტკიცდეს იმ საქმეში, რაც მას უყენდება, თუმცა ამ სავარაუდო წერილის გამო საქმიდან ყურადღებას გადატანა და ყველაფრის ისე წარმოჩინება, რომ მამა გიორგი გმირია და მან საპატრიარქოს წევრები ამხილა, არასწორია. წერილში, რომელსაც გავეცანი, ფაქტები აშკარად დრამატიზირებულია. თუ მამა გიორგიმ ეს წერილი დაწერა, ის შეიძლება რეალობას არ ასახავდეს. არ მინდა საზოგადოებამ ისე გაიგოს, რომ პატრიარქის გარემოცვა, მდივანი, ქორეპისკოპოსები მიზანმიმართულად ცდილობდნენ პატრიაქრის ქონების სადმე გადამისამართებას და ეს დაფარული იქნებოდა პატრიარქისთვის. ასე რომ ყოფილიყო, ამდენი წლის განმავლობაში პატრიარქის გვერდით არ ვიქნებოდით და მას ჩვენ მიმართ ასეთი მაღალი ნდობა არ ექნებოდა. 14 წელია რაც მე და ქორეპისკოპოსი (სავარაუდოდ იაკობი, რედ) ერთად დავინიშნეთ ამ თანამდებობაზე და ამდენი წელია უწმინდესს მაღალი ნდობა აქვს ჩვენ მიმართ. თორემ , პატრიარქთან მუშაობა, ვინც იცის, ის მიხვდება, რომ ასე ადვილი არ არის. უწმინდესის გვერდში მუშაობა საამაყოცაა და- უდიდესი პსუხისმგებლობაც, რადგან ის ყოველთვის მოითხოვს წესიერებას და პატიოსნებას.

წერილში დასახელებული ობიექტებიდან საპატრიარქოს შემოსავალი არ აქვს. შესაძლოა რამე შ.პ.ს. დაარსდა, მაგრამ მას არ უფუნქციონირებია. ასევე, არანაირი გარიგება “სნოსთან” არ ყოფილა და ერთი თეთრიც არ შემოსულა ამ კომპანიიდან საპატრიარქოში.

ძალიან დიდი ეჭვი მიჩნდება მამა გიორგის (სავარაუდო) წერილთან დაკავშირებით და ვისურვებდი, მეტი კონკრეტიკა ყოფილიყო მოცემული წერილში და არა ასე ზოგადად. მითუმეტეს, რომ “სნოს” საქმეს ვიცნობ და როცა წერილში მამა გიორგი “სნოზე” საუბრობს, მას აშკარად ბოლომდე არ აქვს ინფორმაცია.

მე ვარ პირი, რომელიც ჩართულია საპატრიარქოში ქონების გადმოცემის საკითხში. მე ვთანამშრომლობ ამ საკითხზე ხელისუფლებასთან. შემდეგ უკვე, გადმოცემული ქონება გადადის ქონების მართვის სააგენტოში. შესაბამისად, მე უნდა მცოდნოდა ის ინფორმაცია, რაც წერილში იყო, რადგან თითქმის ყველა თემასთან, პირდაპირ თუ ირიბად, შემხებლობა მქონია. შესაბამისად, ეს წერილი გარკვეულ ეჭვებს იწვევს ჩემში.”-განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.

მისივე თქმით, სასურველია პროკურატურამ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას მამალაძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით, რადგან დაუჯერებელია უწმინდესის მოწამვლის მცდელობა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავებულია მაღალი სასულიერო პირის ციანიდით მოკვლის მცდელობის ბრალდებით. “რუსთავი 2”-მა გაავრცელა წერილი, რომელშიც, სავარაუდოდ, მამა გიორგი, საპატრიარქოში არსებულ ქონებრივ დარღვევებსა და სხვადასხვა პირების ამ ქონებით დაინტერესებაზე საუბრობს.

 

იტვირთბა....