„მინდა ვთხოვო საგამოძიებო სტრუქტურებს თუ არის ამის საშუალება, დააკონკრეტონ რამდენიმე საკითხი, რადგან საზოგადოებაში აშკარად არსებობს აზრთა სხვადასხვაობა“- ამის შესახებ „TV პირველის“ ეთერში პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.
მან ისაუბრა ასევე, მამა გოირგი მამალაძის წერილზე, რომელსაც ბრალად მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მზადება ედება, და აღნიშნა, რომ საკითხები, რომლებიც ამ წერილშია, ნამდვილად შედიოდა მამა გიორგისთან განსახილველ საკითხთა შორის და დიდი ალბათობით, მტკიცებულება სჭირდება ამ ყველაფერს.
„მამა გიორგის ალბათ ექნება ამის საშუალება, რომ ან დაადასტუროს, ან უარყოს. თემატურად დიდი ალბათობით, შესაძებელია ეს იყოს მისი წერილი. ისეთი საკითხებია, რომ მას ყველა ამ საკითხთან შემხებლობა ჰქონდა პირდაპირი თუ არაპირდაპირი. ამ წერილში ასახული ბევრი საკითხი არის ძალიან დრამატიზირებული და ამის ეპისტოლარული ჟანრით პატრიარქისთვის მიწოდება არ იქნებოდა, ჩემი აზრით, სწორი. მამა გიორგის მის უწმინდესობასთან, როგორც სამსახურის უფროსის მოადგილეს, როგორც კლინიკის დირექტორს, ჰქონდა შეხვედრის შესაძლებლობა. პატრიარქი არ არის ჩაკეტილი ადამიანი და მას რიგითი სასულიერო პირებიც კი ხშირად ესაუბრებიან. მითუმეტეს, მამა გიორგის ნებისმიერ დროს შეეძლო მოეთხოვა უწმინდესთან შეხვედრა. ამის ნაკლებობას ის არც განცდიდა, ვინაიდან ხშირად იმყოფებოდა საპატრიარქოში“- განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
მისი თქმით, თუ ეს წერილი ნამდვილად მამა გიორგის ეკუთვნის, იქ ნაცვალსახელებით მინიშნებებია საპატრიარქოს მაღალჩინოსნების საქმიანობასთან დაკავშირებით.
„ძალიან ძნელია, მას ძალიან მძიმე ბრალს უყენებენ და არ მინდა კიდევ დავამძიმო რაღაცები, მაგრამ ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ადამიანის მიმართ აკეთებ მინიშნებებს და კონკრეტულად ხელში არაფერი არ გიკავია. მე ზოგადად ვიცოდი, რომ მამა გიორგის ჰქონდა თავისი აზრი, ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით. მე ამის თაობაზე ვესაუბრე მის უწმინდესობას რამდენიმე თვით ადრე, ალბათ 2-3 თვის წინ და ვთხოვე, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მოახსენეს ამ ქონებასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ რამენაირად დაკავშირებული ვიყავით, იმ დღესვე მზად ვიყავი დამეტოვებინა ჩემი თანამდებობა.
მე 14 წელია მისი უწმინდესობის მდივანი გახლავართ. ეს საპასუხისმგებლოცაა და დიდი პატივიცაა. თუ მას მიაწოდეს ინფორმაცია ამ სამსახურის საქმიანობის შესახებ, უწმინდესს ექნებოდა ამის სურვილი რომ ჩემთვის შენიშვნა მოეცა, ან გავეთავესუფლებინე თანამდებობიდან. მისმა უწმინდესობამ მითხრა, რომ უნდა გემეგრძელებინა ის საქმიანობა, რასაც აქამდე ვეწეოდი“ – განაცხადა ბოტკოველმა.
რაც შეეხება „სნოს“ საკითხს, რომელზეც საუბარია მამა გიორგი მამალაძის წერილში, მამა მიქაელ ბოტკოველმა განმარტა, რომ „სნოსთან“ დაკავშირებით არანაირი კორუფციული საქმიანობა არ იკვეთება. მან ამის შესახებ დეტალურად ისაუბრა.
„არანაირი კორუფციული საქმიანობა „სნოსთან“ მიმართებაში არ ყოფილა. „სნოს“ დაარსება დაკავშირებულია საპატრიარქოს ძალიან ახლობელ ადამიანებთან, ისინი ძალიან ეკლესიური ადამიანები არიან და მათ ჰქონდათ სურვილი, რომ ეკლესიას დახმარებოდნენ, როცა გაიგეს, რომ პრობლემა იყო ფინანსებთან დაკავშირებით. ისინი ისედაც ეხმარებოდნენ ეკლესიას, მაგრამ „სნოს“ დაარსებით, შესაძლოა საპატრიარქოს რაღაც სარგებელი ენახა. აქედან გამომდინარე, ქარხნის საქმიანობაში ძალიან მინიმალური წვლილი უნდა შეგვეტანა. ჩვენ უნდა დავხმარებოდით მათ ბაზრის საზღვარგარეთ გასვლაში. სამწუხაროდ, ეს შეთანხმება ვერ შედგა, რადგან „სნოს“ არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა რომ რენტაბელური ყოფილიყო. არც ერთ წელს ამ საწარმოს მოგებაზე არ უმუშავია, სულ მინუსები ჰქონდა, აქედან გამომდინარე მათ საპატრიარქოში არაფერი მოუტანიათ. მისმა უწმინდესობამ მე და მეუფე იაკობს, კიდევ რამდენიმე პირს დაგვავალა, რომ რადგან სარგებელი არარენტაბელურია, უარს ვამბობდით იმ წილზე. ასე დავემშვიდობეთ „სნოს“. მე არ ვიცი მამა გიორგის ამ წერილში ასე დრამატულად ეს საკითხი რატომაა განხილული. რატომ ცდილობს, რომ ეს თითქოს კორუფციულ გარიგებებს დაუკავშიროს. მისმა უწმინდესობამ ეს საკითხები პირადად იცის და მან დაგვავალა ზემოთაღნიშნული“ – აღნიშნა პატრიარქის მდივანმა.
შეგახსენებთ, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.