საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების არსი და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ბორის ჩაგუნავას მიმართ. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. მას სასჯელის სახედ და ზომად ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით. პროკურატურა არ ეთანხმება სასჯელის პირობითად ჩათვლას და აღნიშნულ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ბორის ჩაგუნავა 2016 წლის ოქტომბერში, დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას.
პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 7 ოქტომბერს, პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, გმირ კურსანტთა ქუჩაზე მდებარე თავდაცვის სამინისტროს ცალკეული სამედიცინო ბატალიონის თანამშრომლის, ბორის ჩაგუნავას საცხოვრებელი ბინა გაჩხრიკეს, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა.
სამართალდამცველებმა ბორის ჩაგუნავა 8 ოქტომბერს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს. წარდგენილ ბრალდებაში ბორის ჩაგუნავამ თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები მასთან ბინაში 2016 წლის ზაფხულში შესანახად მისმა სიძემ, დარჩო ხეჩუაშვილმა მიიტანა.
პროკურატურამ სწორედ დარჩო ხეჩუაშვილს წაუყენა ბრალი გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 -ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით და 187-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით. დარჩო ხეჩუაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.