რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენელმა, პროტოიერეიმ იგორ იაკიმჩუკმა ილია მეორის მოწამვლასთან დაკავშირებით “რია ნოვოსტთან” ისაუბრა. მისი თქმით, ილია მეორის შესაძლო მოწამვლის ისტორია საკმაოდ უცნაურია:
„უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. მთლიანად ეს ისტორია საკმაოდ უცნაურია, იმის გათვალისწინებით, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ საქართველოს გარეთ იმყოფება. რთულია ისტორიიდან ამგვარი შემთხვევების გახსენება“.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო.
რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მამა გიორგი მამალაძემ სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების შესყიდვის დახმარება სთხოვა.
შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, რომ მამალაძეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა უნდა მოეხდინა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.