მთავრობის დადგენილებით, რომელიც 9 თებერვალს გამოიცა, კერძო დაზღევის მქონე პირები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფო დაზღვევას. ამ სიახლეს “ბიზნესკონტრაქტთან” სადაზღვევო კომპანია “ჯი პი აი ჰოლდინგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თინა სტამბოლიშვილი სარისკოს უწოდებს:
“ბევრი ადამიანი რეკავს ჩვენთან, რადგან გაურკვევლობაში არიან. არ იციან რა ბედი მოელით. კერძო დაზღვევის უმეტესობა იყო შემავსებელი დაზღვევა, რაც ითვალისწინებდა სახელმწიფო პროგრამას. შემდეგ უკვე ადამიანები ყიდულობდნენ იმ მომსახურებას, რაც არ იყო სახელმწიფო დაზღვევაში გათვალისწინებული; მაგალითად, მედიკამენტები, სხვადასხვა ამბოლატორიული კვლევები და ა.შ. ახლა გამოდის, რომ ეს ადამიანები ჰაერში რჩებიან, რადგან მხოლოდ ის მცირე ნაწილიღა დაეფარებათ, ე.წ. ზედნაშენი, რაც იყიდეს და სხვა, მსხვილი ხარჯებისგან დაუცველნი იქნებიან. ასევე მეორე პრობლემაა-ვისაც კორპორატიული დაზღვევა აქვს, შეიძლება სამსახური დაკარგოს და დაკარგავს როგორც კერძო დაზღვევას, ასევე აღარ იქნება სახელმწიფო დაზღვევის ქვეშ. შესაძლოა რამდენიმე ათასი ადამიანი დარჩეს დაზღვევის გარეშე. სამინისტრო ამბობს, რომ ამით თანხებს დაზოგავს, რადგან ვისაც კერძო დაზღვევა აქვს, ისარგებლებს ამით და სახელმწიფო ბიუჯეტი დაიზოგება, თუმცა ეს პირიქით მოხდება და ამ პროცესს უკვე ვხედავთ, რადგან არაერთი ადამიანი გვირეკავს, რომ გააუქმოს კერძო დაზღვევა. ან ის, ვინც აპირებდა დაზღვევის შეძენას, აღარ შეიძენს. არ არის გაჟღერებული, რა თანხის დაზოგვაზეა საუბარი, დეტალები ჯერ არ არის ცნობილი. ეს პროექტი გამოვიდა და ადამიანები და ინდუსტრია გაურკვევლობაშია. გრძელვადიან ფორმატში ველით გადაწყვეტილების მიღებას და არა-ერთი ადამიანის, ან ერთი უწყების მიერ უცბად მიღებულ გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება ბევრი ადამიანისთვის იქნება სტიმული, რომ კერძო დაზღვევა გააუქმონ, რაც უარყოფითად აისახება როგორც ბიუჯეტზე, ასევე- კერძო ინდუსტრიაზე. შემცირდება ბაზარი”,-განაცხადა “ბიზნესკონტრაქტთან” თინა სტამბოლიშვილმა.
რა მოხდება იმ ბენეფიციარებისთვის, ვინც სამსახურის დაკარგვასთან ერთად დაკარგავს კერძო დაზღვევას? ჩაერთვებიან თუ არა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში ავტომატურად – ამ და სხვა დეტალებზე, “მეტრონომს” დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ლაშა ნიკოლაძე ესაუბრა:
” 2013 წელს იმთავითვე ასეთი ლოგიკით იყო გამიჯნული -კერძო სადაზღვევოში დაზღვეული და სახელმწიფო დაზღვევის მქონე. ახლა კი, 2013 წლის სიები განახლდა 2017 წლის სადაზღვევო სიებით, მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. როცა სიები მოწოდებული იქნება, დეტალურ ანალიზს გავაკეთებთ. პრაქტიკულად გვინდა, ადამიანების დონემდე ჩავიდეთ და ძალიან დაზუსტებული იყოს ეს გათვლები, იმიტომ, რომ ჩვენ ბიუჯეტში უნდა ჩავეტიოთ და თან ოპტიმიზირება უნდა გავუკეთოთ საყოველთაოს ბენეფიციარებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დააანონსა, იქნება გარკვეული, შესაძლებლობებზე დამოკიდებული საყოველთაო ჯანდაცვის პროდუქტი. ანუ, იმას ვისაც მეტი ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ნაკლები შეთავაზება ექნება, ან -საერთოდ არა, ხოლო ვისაც ნაკლები შესაძლებლობა აქვს, ან საერთოდ არ აქვს შესაძლებლობა, მათ უფრო მეტად გაუფართოვდებათ პროდუქტი. მაგალითად, წამლები შესაძლოა გარკვეული ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ანუ, საყოველთაო ჯანდაცვის სერვისი იქნება შემოსავლების მიხედვით დიფერენცირებული. სამწლიანი გამოცდილება, რაც დაგროვდა, კლინიკებთან, სადაზღვეოებთან თუ სხვადასხვა ნაწილში, გვაძლევს უფლებას, ასეთი რეფორმა დავიწყოთ-შეიზღუდოს მდიდრებისთვის და გადათამაშდეს მათთვის, ვისაც ნაკლები შესაძლებლობა აქვს. სიის გაანალიზების მერე გვექნება ადამიანის შემოსავლებზე დამოკიდებული სერვისები შესათავაზებლად. ეს გვეცოდინება მაშინ, როცა ანალიზს გავაკეთებთ და დავთქვამთ. ჯანდაცვის სამინისტროს ინტერესებშიც არის, რომ ეს მალე მოხდეს.
სადაზღვეოების გარკვეულ ნაწილში შეთავაზება იყო დაფუძნებული სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაზე და იმ ადამიანს, ვინც “ორმაგი” სერვისი აიღო, (სახელმწიფო და კერძო სადაზღვევვოს დაზღვევა ერთობლივად. რედ), გარკვეული დამატებითი ანაზღაურების საფუძველზე სადაზღვევო სრულ სერვისს მიაწვდის. თუმცა ეს მომენტიც საეტაპოა და მერე ყველა ერთ ქვაბში მოთავსდება- დიფერენცირებული შემოსავალი, დიფერენცირებული შეთავაზება სახელმწიფოსგან. ოპტიმიზაციის ამოცანაა, მათ, ვისაც უჭირთ, მეტი შევთავაზოთ და მათ ვისაც არ უჭირს-ნაკლები შევთავაზოთ. “-განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ “მეტრონომთან”.
“ჯი პი აი ჰოლდინგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თინა სტამბოლიშვილი “მეტრონომთან” აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანიებს, ჯანდაცვის ახალი პროექტის გამო, მომხარებლისთვის ფასის გაზრდა მოუწევთ:
“მთავარი ის არის, რომ მსგავსი გადაწყვეტლების მიღება ნაუცბათევად ხდება. შესაბამისი კონსულტაციების გარეშე, სადაზღვევო სექტორთან. ეს ცვლილება კი მოსახლეობის დიდ რაოდენობაზე მოქმედებს.
“მეტრონომი”: 2013 წლამდე, სანამ საყოველთაო ჯანდაცვა დაიწყებოდა, რა სერვისს სთავაზობდა კერძო სადაზღვევო სექტორი მომხმარებელს და ფასები განსხვავებული იყო?
თინა სტამბოლიშვილი: მაშინ მიზნობრიობა იყო განსაზღვრული და სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფებს, დანარჩენები კერძო დაზღვევებს იძენდნენ. ფასები მხოლოდ ამაზე არ არის დამოკიდებული, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგრამ, ახლა მას, ვისაც კერძო კომპანიაში მხოლოდ სტომატოლოგია აქვს ნაყიდი და დანარჩენს საყოველთაო დაზღვევა უნაზღაურებდა, ბუნებრივია მეტის გადახდა მოუწევს, რომ სრული სერვისი მიიღოს. თუმცა როგორ გგონიათ, რა ურჩევნია ადამიანს, სახელმწიფო დაზღვევა მიიღოს თუ გაცილებით ძვირი გადაიხადოს სადაზღვევო პაკეტში? მოსახლეობის დიდ ნაწილს ან უძვირდება დაზღვევა, ან საერთოდ მის გარეშე რჩება.
-შეიძლება დავაანონსოთ, რომ კერძო დაზღვევის ფასები გაიზრდება?
-შეიძლება ამის თქმაც, რომ ფასები გაიზრდება და შეიძლება იმის თქმაც, რომ სერვისები შეუმცირდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც აქამდე სრული პაკეტით სარგებლობდნენ. ამის შესახებ მომხმარებელს ეცნობება.
-რამდენად შესაძლებელია კონკურენციაზე ვისაუბროთ, სადაზღვევო კომპანიების მხრიდან მეტ მოტივაციაზე, რომ მომხმარებელს სახელმწიფო ჯანდაცვისგან განსხვავებული და საინტერესო სერვისები შესთავაზონ?
-შეიძლება ამაზე საუბარი, მაგრამ გარკვეული სიტუაცია უნდა იყოს. ვინ რომელი პაკეტით ისარგებლებს და რა პროგრამაში მოხვდება, ახლა ამაზე საუბარი რთულია. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროსგან კონკრეტულ დეტალებს ველით.
მანა ნოდია