აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მიდის თუ არა პატრიარქის ირგვლივ ატეხილი სკანდალიდან კვალი უკრაინაში: “ყოველთვის ცდილობენ კვალი უკრაინისკენ წაიყვანონ”

პატრიარქს ბერლინში ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, უწმინდესის მოწამვლას აპირებდნენ. ამის შესახებ “მეტრონომთან” ანალიტიკოსი არჩილ გამზარდიაც საუბრობდა. სამი დღის წინ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე  აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან გამგზავრებას გეგმავდა. ის ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მამა გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეეფარდა. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა მისი დაკავების მიზეზი. როგორც “მეტრონომს” სანდო წყარომ ინფორმაცია მიაწოდა, მამალაძეს ჩხრეკისას იარაღი, უკრაინული პასპორტი და ბილეთები ამოიღეს. რა ხდება პატრიარქის ირგვლივ, “მეტრონომთან” “ქრონიკა პლუსის” რედაქტორმა, ელისო კილაძემ ისაუბრა, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია სდსს უფროსის, ანზორ ჩუბინიძის ბერლინში გამგზავრებისა და პატრიარქის დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის დაკავების შესახებ.

“მეტრონომი”: საუბარია, რომ ენმ-ს წინააღმდეგ  ცდილობს ხელისუფლება ამ საქმის წაყვანას. მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით არაოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა, რომ მას ჰქონდა უკრაინული პასპორტი, ბილეთები და იარაღი, რაც ამოღებულია ჩხრეკის შედეგად. თუ გაქვთ მსგავსი ინფორმაცია?

ელისო კილაძე: ხელისუფლებაში უკაცრავად, მაგრამ სხედან სრული ბრიყვები, იმიტომ, რომ მეხუთე წელი წავიდა მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ არის და თუ ისინი დღეს კიდევ მართავენ პროცესებს, მაშინ „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება არის ძალიან სუსტი. მე არ მჯერა ამ ვერსიის.  ყოველთვის ცდილობენ კვალი უკრაინისკენ წაიყვანონ. ასე იყო პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების შემთხვევაშიც, როცა ირაკლი ფხალაძეს ჩაუდეს უკრაინული ნომერი; ასე იყო მოსამართლეების სკანდალთან დაკავშირებით, როცა პროკურატურა აცხადებს, რომ ვინმე დ. საყვარელიძემ გამოაგზავნა მუქარის წერილები და მოკლე ტექსტური შეტყობინები მოსამართლეების სახელზე და ბინაზე. ჯერ რატომ არის დ. საყვარელიძე მაინდამაინც დათო საყვარელიძე და მეორე, როგორ  წარმოგიგდენიათ, რომ დათო საყვარელიძემ  ერთი ადამიანი ვერ იპოვა კურიერად. ეს არის ხელისუფლების მორიგი პიარი, იმისთვის რომ გადაფაროს საკუთარი უუნარობა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური  კრიზისი.

-ვის სურს პატრიარქის მოწამვლა?

-პატრიარქის ირგვლივ მუდმივად არიან ადამიანები, რომელიც მის იზოლირებასა და დისკრედიტაციას ცდილობენ. სავარაუდოდ, შესაძლოა, მის მოწამვლასაც ცდილობდნენ. ეს ახალი ამბები არ არის.

არსებობს ვერსიაც, რომ პატრიარქს მისი დაცვის უფროსი, ოხანაშვილი, იზოლირებაში ამყოფებდა.

-ეს ტყუილია. ის პატრიარქის ერთგულია. ოხანაშვილი მისი დაცვის წევრია, უკვე წლებია. მას მეუფე იაკობი ამხელს, რომელიც ცდილობს სინოდის აჯანყება მოაწყოს. მას ხშირად ხედავენ მოდულის შენობაში. ის არის გოგაშვილის პროექტი. ცდილობს იმ ადამიანების დისკრედიტაციას, რომლებიც პატრიაქრის ერთგულები არიან. მათ რიგშია ოხანაშვილი და თეთრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში გერმანიაში პატრიარქს ოპერაცია უტარდება. საქართველოს მთავარი პროკურატურა კი ბრიფინგს 14:00 საათზე გამართავს, რაც , სავარაუდოდ, პატრიარქის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....