ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი პატრიარქის უსაფრთხოების დაცვას ადასტურებს

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უსაფრთხოება დაცულია, -ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ  ბერლინში ჟურნალისტებს მიაწოდა.  მისი თქმით,  პატრიარქის უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროება დღის წესრიგში არ იყო, თუმცა სდსს-მ მაინც ჩათვალა საჭიროდ უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა პირადად შეემოწმებინა:

”მე გერმანიაში ჩამოსვლას მაინც ვგეგმავდი პრემიერის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით. ჩემი ჩამოსვლა შემთხვევითი არ იყო და გადავწყვიტე, აქაც მოვსულიყავი და ჩემი თვალით მენახა მდგომარეობა”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
ჩუბინიძე ადასტურებს, რომ პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სოსო ოხანაშვილი გერმანიიდან თბილისში დაბრუნდა და პროკურატურაში დაიკითხა. მისივე თქმით, ოხანაშვილი ამჟამად ისევ ბერლინში იმყოფება.
”სჯობს, სოსომ გააკეთოს თვითონ კომენტარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მოიქცა, როდესაც ჩავიდა საქართველოში და დაეხმარა გამოძიებაში შესაბამის ორგანოებს. ვფიქრობ, ჩვენმა ჩამოსვლამ ხელი შეუწყო ამ სამსახურის სწორად ფუნქციონირებას აქ. სოსო განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში პატრიარქის უსაფრთხოებაზე ზრუნვას. მასთან ამ ეტაპზე არანაირი კითხვის ნიშანი არ არის”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე 10 თებერვალს აეროპორტში დააკავეს. მამა გიორგი გერმანიაში პატრიარქთან მიემგზავრებოდა.  საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს. როგორც ”რუსთავი 2” იუწყება, საქმეზე ასევე დაიკითხა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი.

იტვირთბა....