სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის შემოგარენში გამართული საპროტესტო აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის თანამშრომლების ცნობით, დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბობინის ქუჩებში დღის მეორე ნახევარში 2000-მდე ადამიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ჩასატარებლად შეიკრიბა.
მათ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ნივთის სროლა დაიწყეს და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციის თანამშრომლებმა არეულობის შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ბობინიში საპროტესტო აქციის მიზეზი პარიზის სხვა გარეუბანში პოლიციის თანამშრომლების მიერ 22 წლის შავკანიანი მამაკაცის დაკავება გახდა. მედიის ინფორმაციით, დაკავებისას ახალგზრდას სწორი ნაწლავი დაუზიანდა და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც ძალადობაში სავარაუდო ბრალდებულად მიიჩნევა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეუჩერეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.