„შრომის ინსპექცია არ არის სასწრაფო დახმარება, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყველა ინფორმაციაზე იაროს,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. ამით ის სავაჭრო ცენტრ „ფრესკოს“ თანამშრომლების სახელით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მინისტრი ამბობს, რომ ის ხარვეზები, რაზეც “ფრესკოს” თანამშრომლები საუბრობდნენ, შრომის ინსპექციამ სავაჭრო ქსელის შემოწმების შედეგად ვერ დააფიქსირა. ჯანდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ სხვა დროს სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნების ნაცვლად, ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ.
„ადამიანებს ჰგონიათ, რომ ინსპექცია ჯადოსნური ჯოხია, რომელიც საკითხს მოაგვარებს. შრომის უსაფრთხოებას 6-ეშელონიანი სისტემა აქვს და ინსპექცია ერთ-ერთი საფეხურია. ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს და ეს არ არის ჩენი მოგონილი. დარგის ექსპერტებთან არის შეთანხმებული”- განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, „ინსპექცია სასამართლოს ვერ ჩაანაცვლებს. ვინმეს თუ ინდივიდუალური შრომითი დავა აქვს, უნდა მიმართოს სასამართლოს, თუ კოლექტიური, – სამინისტროს”
შეგახსენებთ, საქმე ეხება „ფრესკოს“ თანამშრომლების სახელით სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარია სამსახურში არსებულ მძიმე მდგომარეობასა და “თანამედროვე მონობაზე”. ისინი კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ”ფრესკოში” არსებულ ვითარებასა და ხელმძღვანელობის მიერ მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებენ.
ამ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, დეპარტამენტიდან „ფრესკოს” ერთ-ერთ ობიექტში ჯგუფი შევიდოდა და ვითარებას იძულებით შრომასა და შრომითი ექსპლუატაციის ნაწილში შეამოწმებდა.