ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალება – საქართველოს” კრიტიკული შენიშვნები აქვს:
“ამას დავარქმევდი საბჭოთა პრაქტიკას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს პირდაპირი, მუდმივი და უკონტროლო წვდომა ჩვენი პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციაზე. სწორედ ამ პრაქტიკაზე თქვა უარი ცივილიზებულმა სამყარომ და დაადგინა გარანტიები, კონტროლი, რომლის თანახმადაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს სუს-ს წვდომა ინფორმაციაზე, თუ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება და კონტროლის ეფექტური მექანიზმები. სამწუხაროდ, დღევანდელი კანონპროექტით არაფერი იცვლება. იცვლება მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ დეპარტამენტი გადაკეთდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და კვლავ იქნება სუს-ის შემადგენლობაში. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს საუბარს, ჩვენს პირად კომუნიკაციას მოუსმენს სუბიექტი, რომელზეც პირდაპირ კონტროლს ახორციელებს სუს-ი.
კანონპროექტთა პაკეტით ირღვევა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც ძალიან ნათლად და ცალსახად არის ნათქვამი, რომ არ უნდა ჰქონდეს ტექნიკური აღჭურვილობა იმ სტრუქტურას, რომელიც აწარმოებს გამოძიებას, ან რომელიც პროფესიულად არის დაინტერესებული, ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. შესაბამისად, დარღვეულია მთავარი პრინციპი, რაც იძლევა ადამიანის პირადი ცხოვრების დარღვევის დიდ რისკს და ჩვენ ამიტომაც გამოვეთიშეთ აღნიშნულ პროცეს და ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ თუ ეს კანონპროექტი იქცევა კანონად, ამით დაირღვევა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება”, – განაცხადა საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ.
ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანომდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში ხვალიდან იწყება. საკითხზე ამ წუთებში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი ავლაბრის სასახლეში კამპანია “ეს შენ გეხებას” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.