აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა სამართალი

ჩაწერა თუ არა გვარამიამ ნაცვლიშვილი ფარულად: “რუსთავი 2”-ის დირექტორი “მეტრონომს” ექსკლუზიურად პასუხობს

რაც მოვისმინე, დანამდვილებით, ბატონი ივანიშვილის ხმა იყო,-ასე პასუხობს “მეტრონომის” კითხვას, ბიძინა ივანიშვილის ფარული ჩანაწერების შესახებ, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.   როგორც “ქრონიკა პლუსის” რედაქტორმა, ელისო კილაძემ “მეტრონომთან” აღნიშნა, სავარაუდოდ, გვარამიას ლაშა ნაცვლიშვილთან იმ შეხვედრის  ჩანაწერი აქვს, სადაც ის ნიკა გვარამიასა და დავით საყვარელიძეს ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერს  რამდენიმე მილიონად სთავაზობს. “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ამ ვერსიას  “მეტრონომთან” ექსკლუზიურად პასუხობს.

“მეტრონომი”: ბატონო ნიკა, ჩვენთან ინტერვიუში “ქრონიკა პლუსის” რედაქტორმა, ელისო კილაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა ლაშა ნაცვლიშვილის ფარული ვიდეო ჩანაწერი გაქვთ, სადაც ის ბიძინა ივანიშვილის აუდიო ჩანაწერის ყიდვას გთავაზობთ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

ნიკა გვარამია: არა, მე არ ჩამიწერია ბატონი ნაცვლიშვილი და არც ჩავთვალე ეს საჭიროდ. სიმართლე გითხრათ, არც აღვიქი ის სერიოზულად. მაგრამ რაც მოვისმინე, დანამდვილებით, ბატონი ივანიშვილის ხმა იყო. ამ ვაჭრობაში არც შევსულვართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ბატონი ივანიშვილის უკანონო, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები და არა -მისი პირადი ცხოვრების ამსახველი საუბრები. ამიტომ, ჩვენ არც გაგვიგრძელებია ამ თემაზე საუბარი. მითუმეტეს, რომ თანხა, რომელსაც ბატონი ნაცვლიშვილი ითხოვდა, სრულიად წარმოუდგენელი იყო ჩვენთვის.

-თქვენ აღნიშნეთ რომ ჩანაწერში ნამდვილად ივანიშვილის ხმა იყო. როგორც ელისო კილაძე “მეტრონომთან” აცხადებს, ჩანაწერი შეეხება ივანიშვილის საუბარს პატრიარქის შემცვლელზე.  თუ შეგიძლიათ ეს დაადასტუროთ?

-ეს ჩემთვის უცნობია. თუმცა ამ ჩანაწერის არსებობაზე საუბარი იყო. მაგრამ მე ეს არ მომისმენია, არ ვიცი, შესაბამისად, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ.

-კილაძე აღნიშნავს, რომ ლაშა ნაცვლიშვილმა შემთხვევით დააანონსა თქვენი და მიხეილ სააკაშვილის ფარული ჩანაწერის გამოქვეყნება. თქვენც ელით ამ საუბრის გასაჯაროებას?

-ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი ნაცვლიშვილი დგას ამ ბინძური კამპანიის უკან.  ამ ყველაფრის შემსრულებელი ის არის და ხელისუფლებისგან გასამრჯელოს ამაში იღებს.

-მიმდინარე მოვლენას არ ეხება თუმცა, დღემდე საინტერესოა, ვის მხარეს დგას ნიკა გვარამია-“ნაციონალურ მოძრაობასთან” თუ ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთა, “ევროპულ საქართველოსთან”?

-არცერთი მხარე არ მიჭირავს. მაქვს ჩემი პოლიტიკური არჩევანი, მაგრამ ეს ტელევიზიას არანაირად არ უკავშირდება. მე მყავს ძალიან ახლო მეგობრები ორივე მხარეს. პოლიტიკური გემოვნების საკითხებზე კი კომენტარს არ ვაკეთებ.

 

შეგახსენებთ, რომ პროკურორის ყოფილი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებას “ტვ პირველის” ეთერში, რომ სასამართლოზე ზეწოლას “ნაციონალური მოძრაობა” ახორციელებს, “რუსთავი 2”-ის  გადაცემა “არჩევანში”, არხის გენერალური დირექტორისა და პროკურორის ასევე ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის პასუხი მოჰყვა, სადაც აღინიშნა, რომ  ლაშა ნაცვლიშვილი მათ ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერს რამდენიმე მილიონად სთავაზობდა. 

პროკურორის ყოფილმა მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილმა, ბრალდებებს სოციალური ქსელით უპასუხა და “ბოდვა” უწოდა. 

მანა ნოდია

იტვირთბა....