ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, პარლამენტში განსახილველად წარდგენილ კანონპროექტში აღნიშნულია:
ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ეკისრება უფლებამოსილება, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს განუსაზღვროს მოთხოვნები, ვალდებულებები და აკონტროლოს მათი შესრულება. მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ავტორიზებული პირების დაჯარიმებას გამოიწვევს.
ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზებული პირის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის აუდიტის ჩატარების შესახებ.
სააგენტოს წარმომადგენელი – აუდიტორი უფლებამოსილია შეამოწმოს დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე, გადაიღოს დოკუმენტების ასლები, სპეციალური ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებით შეამოწმოს ავტორიზებული პირის აპარატურული და ქსელური ინფრასტრუქტურა, მოსთხოვოს ავტორიზებული პირის წარმომადგენლებს ინფორმაცია და ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით.
სააგენტოს ექნება უფლებამოსილება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონის საფუძველზე ავტორიზებული პირის მიმართ გამოიყენოს როგორც წერილობითი გაფრთხილება, ასევე ფულადი ჯარიმები. ფულადი სანქციის ოდენობა განსაზღვრულია 30 000, 90 000 და 200 000 ლარის ოდენობით.
სააგენტოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება ეკისრება: – სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვება; კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება; გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა; საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი; ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, ფოტო გადაღება; ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.