აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ფრესკო“: „გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი გარედან მართული პროცესია“

„კომპანია „ფრესკოში“ არსებობს შინაგანაწესი, მას ხელს აწერს თითოეული თანამშრომელი, რომელიც ჩვენთან მუშაობას იწყებს“ – ამის შესახებ „მეტრონომს“ კომპანია „ფრესკოს“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მარიამ აფრიდონიძემ განუცხადა.

საქმე ეხება „ფრესკოს“ თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარია სამსახურში არსებულ მძიმე მდგომარეობასა და “თანამედროვე მონობაზე”. ისინი კონკრეტულ ფაქტზებზე დაყრდნობით ”ფრესკოში” არსებულ ვითარებასა და ხელმძღვანელობის მიერ მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებენ.

„მათ იციან რა წესები გვაქვს და  დარღვევაზე რა სანქციები ვრცელდება. სამსახურიდან გათავისუფლებულებულმა თანამშრომლებმა დაარღვიეს შინაგანაწესი და ჰქონდათ დისციპლინარული სასჯელები, რაც გამოიხატება შემდეგში: სამსახურში სისტემატიური დაგვიანება უმიზეზოდ, გაფრთხილების გარეშე.  მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვინდა გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მომსახურება. ეს ადამიანები, რომლებიც გათავისუფლდნენ, მომხმარებლებს შესაბამისად არ მოემსახურნენ, არ მიაქციეს ყურადღება, ალოდინეს, არასწორი ფასი დაადეს პროდუქციას. ამ საქციელზე პასუხიც აგეს“- განაცხადა მარიამ აფრიდონიძემ „მეტრონომთან“.

მისი თქმით, კომპანია „ფრესკოში“ დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და მათ მსგავსი პრეტენზია არ აქვთ.

რაც შეეხება ზეგანაკვეთურ სამუშაოს, როგორც მან „მეტრონომს“ უთხრა, თითოეულ დამატებით საათს კომპანია ანაზღაურებს.

„ჩვენ არავის ვაძალებთ, რომ დამატებითი საათი იმუშაოს. ეს არის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რომელსაც თვითონ  აწერენ ხელს. არის ნახავერი განაკვეთი და ასევე 12-საათიანი სამუშო გრაფიკი. ჩვენ სრულად ვემორჩილებით  შრომის კოდექსს, არაფერს ვარღვევთ. კანონს ვიცავთ სრულად. თითოეულ დამატებით საათზე ეს ადამიანები იღებენ ანაზღაურებას“- აღნიშნა აფრიდონიძემ.

მისი თქმით, თანამშრომლების თითოეული დარღვევა გამოძიებულია და ფიქსირდება, ამის შესაბამისად კი ეკისრებათ ჯარიმა. აფრიდონიძე კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი ინფორმაციის გამო, არ აკონკრეტებს რა სახის ჯარიმები ეკისრებათ თანამშრომლებს შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში.

„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერმა სახელმწიფო უწყებამ შეგვამოწმოს.  ღია და აბსოლუტურად გამჭირვალეები ვართ. ჩვენი კომპანია არაერთხელ შეუმოწმებია „სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც“. ბოლო ინფორმაცია არის ის, რომ არათუ დარღვევა, არამედ რეკომენდაციაც არ ყოფილა მათი მხრიდან.

ჩვენ პირიქით, აქეთ მივმართავთ, რომ შეგვამოწმონ. მზად ვართ ნებისმიერ დროს და იმდენად დარწმუნებული ვართ, რომ არანაირი დარღვევა არ გვაქვს და ყველაფერი კანონის ფარგლებში ხორციელდება, რომ მზად ვართ ნებისმიერ დროს შევმოწმდეთ. ეს ჩვენს ინტერესებშიც შედის“- განაცხადა აფრიდონიძემ.

როგორც ფრესკოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა „მეტრონომს“ განუცხადა, მათ აქვთ ეჭვი, რომ ეს ყველაფერი გარედან მართული პროცესია.

„ჩვენთან 1000-მდე თანამშრომელი მუშაობს, რომელთაც ჩვენ მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ. არ გვინდა დავასახელოთ ჯერ ვისზე გვაქვს ეჭვი. კონკრეტული ფაქტები როცა გვექნება და ყველაფერი დასაბუთებული იქნება, შემდეგ დავასახელებთ. ამ ეტაპზე ეს უბრალოდ ეჭვია“- აღნიშნა მარიამ აფრიდონიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში „ფრესკოს“თანამშრომლების სახელით გავრცელდა განცხადება, სადაც საუბარია სამსახურში არსებულ მძიმე მდგომარეობასა და “თანამედროვე მონობაზე”. წერილის ავტორები კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, ”ფრესკოში” არსებულ ვითარებასა და ხელმძღვანელობის მიერ მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებენ.

“ფრესკოს თანამშრომლებმა გადავწყვიტეთ ხმა მოგაწვდინოთ მთელს საქართველოს და გაგაგებინოთ, თუ რეალურად რა სიტუაციაა სუპერმარკეტების ქსელ “ფრესკოში” !

დღევანდელ საქართველოში სამსახურეობრივი ანაზღაურება შრომის ხარისხსა და კოეფიციენტს რეალურად რომ არ შეესაბამება ეს ყველასთვის ნაცნობი და სამწუხარო ფაქტია, რაც ნამდვილად აღარავის უკვირს, თუმცაღა ის რაც ფრესკოში ხდება ყოველგვარ საზღვარს სცდება, არაადამიანურობის უმაღლესი გამოხატულებაა და თავისუფლად შეგვიძლია “თანამედროვე მონობის” გამოვლინებაც ვუწოდოთ. ეს ჩამონათვალი კი ნათლად დაგანახებთ აღნიშნულს:

  1. სამუშაო საათები განისაზღვრება 12 საათით, კვირაში 5 დღე. როგორც ვიცით, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სამუშაო საათების რაოდენობა არის კვირაში 48 საათი,რაც ზეგანაკვეთურ სამუშაოს წარმოდგენს და უნდა ანაზღაურდეს შესაბამისად. ფრესკოს თანამშრომლების სამუშაო საათები კი კვირაში შეადგენს 60 საათს, ხოლო ანაზღაურება არის მინიმალური – 400 ლარამდე.
  2. სამუშაო დღეს შესვენების დრო განისაზღვრება 1-1.5 საათით განისაზღვრება(რაც დამოკიდებულია დასაქმებულის დაკავებული პოზიციით), ამ პერიოდის განმავლობაში, თანამშრომლებს აუკრძალეს მობილური ტელეფონებით სარგებლობა, რითაც ისინი ფაქტობრივად მოწყვიტეს გარესამყაროს, ვინაიდან მათ ყავთ შვილები, ქმრები, ცოლები, მშობლები, რომელთაც ვერანაირი საშუალებით ვერ დაუკავშირდებიან 12 საათის განმავლობაში.
  3. ინვენტარიზაციის შემდეგ გათვალისწინებული იყო, რომ თანამშრომლებს დააკლდებოდათ ხელფასის 20%, რეალურად, თანამშრომლებს ხელფასიდან დაექვითათ 50% და ზოგიერთს მეტიც. მაგ. ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც ზედმეტად ნამუშევარი საათების სანაცვლოდ 404 ლარი უნდა დარიცხვოდა ანაზღაურების სახით, ინვენტარიზაციის შემდგომ დაურიცხეს 185 ლარი.
  4. თანამშრომლებს ვერავინ გასცა პასუხი თუ რატომ დაერიცხათ ზემოთ ნახსენები მცირე ოდენობის ხელფასები, სავარაუდო მიზეზად მათ მიმართ არსებული ჯარიმები დასახელდა, თუმცაღა მათ ვერ შეძლეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტის ან რაიმე საბუთის წარდგენა. ფილიალის მენეჯერის საბოლოო პასუხი კი “არვიცი” და კაბინეტის კარის “მიჯახუნება” იყო.
  5. ქმნიან ხელოვნურ დანაკლისებს რისი ანაზღაურებაც თანამშრომლების ხელფასიდან ხდება, მაგ. სალაროზე ტარდება ყველანაირი შტრიხ-კოდი, არ არსებული, მიუთვლელი, რაც იწვევს არასწორ ფასებში პროდუქციის გატარებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.
  6. ვადაგასული პროდუქციის უმეტესობას უკან არ/ვერ აბრუნებენ და ამ დანაკლისის ანაზღაურება თანამშრომელთა ხელფასებიდან გარკვეული თანხის ჩამოჭრით ხორციელდება
  7. საახალწლო დღეებში თანამშრომლები აიძლეს ემუშავათ 12 დღე დასვენების გარეშე, დღეში 12 საათი, რისი ანაზღაურებაც დამატებით 40 ლარის ნაცვლად მოხდა 18 ლარით.
  8. პერსონალის მიმართ ჯარიმების რაოდენობა არის არაადეკვატური, 10 ლარიდან 100 ლარამდე. მაგ, თანამშრომელი, რომელიც ე.წ გასახდელში ქურთუკს დაკიდებს საკიდზე და არა კარადაში ჯარიმდება 20 ლარით. მოლარეები, რომელთაც სალაროზე ექნებათ “მეტობა” , ჯარიმდებიან ამ თანხის გაორმაგებული ოდენობით.
  9. თანამშრომლების მიმართ ხორციელდება ზეწოლა. მაგ. ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომლების უმეტესობამ ნოემბრის თვეში გადაწყვიტა სამსახურიდან წასვლა, შესაბამისი განცხადების დაწერის საფუძველზე, თუმცაღა საოპერაციოს დირექტორმა ამის საშუალება არ მისცა მათ და დაემუქრა , რომ წასვლის შემთხვევაში დაუკავშირდებოდა სხვადასხვა კომპანიებს და ცუდ სტატუსს მიანიჭებდა მათ CV-ს

ეს არის იმ დარღვევების და არაადამიანური მოპყრობის მცირე ჩამონათვალი რაც ხდებოდა და დღესაც ხდება ფრესკოში.

ჩვენი, ყოფილი თანამშრომლების დიდი სურვილი და მიზანია, რომ ამ პოსტს მოყვეს გამოხმაურება და სათანადო რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, რათა შემდგომში სხვა ადამიანები არ აღმოჩნდნენ ასეთი ზეწოლისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი”- ნათქვამია განცხადებაში.

ამ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, დღეს, დეპარტამენტიდან  „ფრესკოს” ერთ-ერთ ობიექტში ჯგუფი შევა და ვითარებას იძულებით შრომასა და შრომითი ექსპლუატაციის ნაწილში შეამოწმებს, ნახავს ხელშეკრულებებს. ამასთან, სამინისტროს თანამშრომლები შეხვდებიან როგორც ობიექტის თანამშრომლებს, ასევე მენეჯმენტის წარმომადგენლებს. ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ  ზოგიერთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცეს. მისი ინფორმაციით, თუკი უფლებრივ ნაწილში, რაც შეეხება – სამუშაო საათებს, ხელფასსა და სხვა საკითხებს, მართლაც აღმოჩნდება წარმოჩენილი მდგომარეობა, დეპარტამენტი ეცდება დამსაქმებელსა და დასაქმებულს გააგებინოს რა წერია კანონში და როგორ უნდა აღსრულდეს შრომის კოდექსი.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....