“რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” გაჟღერებულ სკანდალურ ბრალდებებს, სადაც არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე და “ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ელისო კილაძე, პროკურორის ყოფილი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან ფარული ჩანაწერების მიყიდვის შეთავაზებაზე საუბრობდნენ, წინ უძღვოდა ნაცვლიშვილის პირდაპირი ეთერი “ტვ პირველში”.
გადაცემა “არჩევანის” წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ ” საბედისწერო გამოსვლა ჰქონდა ლაშა ნაცვლიშვილს, “ტვ პირველზე”, დიანა ტრაპაიძის ეთერში. ჯობდა რომ არ ჰქონოდა ეს ინტერვიუ, სწორედ ამ ინტერვიუდან გამომდინარე გამიჩნდა შეკითხვები და მივიღეთ ეს ინფორმაცია დავით საყვარელიძისგან და ნიკა გვარამიასგან.”-განაცხადა გადაცემის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ.
მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი “ტვ პირველის” ეთერში სასამართლოებზე ზეწოლისა და ფარული ჩანაწერების შესახებ საუბრობდა:
“დავით საყვარელიძეს მინდა გამოვეხმაურო, ისეთი რიხით საუბრობდა ფალსიფიკაციაზე. ყველა ადამიანს აქვს დოსიე. ფალსიფიკაციაზე ლაპარაკს ბედავდა ადამიანი, რომლის პროკურორობის პერიოდში ხურჩაში ტერორისტული აქტი მოაწყო იმდროინდელმა ხელისუფლებამ- დააზიანეს საკუთარი მოქალაქეები. საყვარელიძის პროკურორობის პერიოდში გადაწვეს ქიბარ ხალვაშის საკუთრება. ეს არის პროკურორი, რომლის დროსაც, იმიტომ, რომ გაეწყვიტათ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, გირგვლიანის მკვლელობასა და იმ სუფრას შორის, რომელზეც კონფლიქტი დაიწყო-სრული ფალსიფიკაცია მოახდინა მთელმა სახელმწიფო აპარატმა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ შსს-მ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, პრეზიდენტმა და სასამართლომ, ერთობლივად მოახდინეს ფალსიფიკაცია, რათა მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. ეს არის ადამიანი, რომლის სეიფში, ქალაქის პროკურორობის პირობებში, ოთხი წლის განმავლობაში მტვერი ედებოდა ბუტა რობაქიძის საქმეს. პირდაპირ ვამბობ, თუ რამეზე მწყდება გული, ჩემი ათთვიანი პროკურორობის დროს, აი ეს სუბიექტი, უკრაინიდან რომ გველაპარაკება და მატროსოვზე არ ზის-ამაზე მწყდება გული. ია მეტრეველს წერილის გამოგზავნა კი არ დააბრალეს, შვილი მოუკლეს და მერე კრიმინალად გამოაცხადეს. ამას აყალბებდა პირადად საყვარელიძე.
ფალსიფიკაციის ეტალონები-ამათ სკოლა დაწვეს, რომ ვალერი გელაშვილისთვის დაებრალებინათ. კინღამ მოკლეს კაცი, ისე გააგდეს პარლამენტიდან.
ვის რა უგზავნიდა საყვარელიძე, ამას გამოძიება დაადგენს. არჩევნების შემდეგ, ჩემი სამწლიანი პაუზიდან, დავბრუნდი საჯარო სივრცეში, ერთადერთი მიზნით, რომ მეთქვა- ფრონტალური შეტევა მიმდინარეობდა კონსტიტუციურ წესრიგზე. საკონსტიტუციო სასამართლოში, სააკაშვილი, პაპუაშვილი და გვარამია ახდენდნენ საკონსტიტუციო გადატრიალებას. მიმდინარეობდა ზეწოლა მოსამართლეებზე. მინდა ეს პროცესი, რაც ახლა ხდება, ერთობლიობაში დაინახოთ. შანტაჟი და მოსყიდვა ამათი სტილია. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და “ნაციონალური მოძრაობა” ახდენენ უპრეცენდენტო შეტევას სასამართლო ხელისუფლებაზე, ეწევიან მოსამართლეების მოსყიდვას, ხოლო ვინც ვერ მოისყიდეს, მათ მიმართ მორალური ტერორი მიმდინარეობს. ამის ნათელი მაგალითია ნატა ნაზღაიძის მაგალითი; ამის ნათელი მაგალითია რაც ხდება უზენაესი სასამართლოს ამ შემადგენლობის მიმართ. ლოგიკა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს სურს მოსამართლეებმა მის სასარგებლოდ გამოიტანონ “რუსთავი 2”-ის საქმეზე დასკვნა.
პრინციპული მნიშვნელობა აქვს როგორი იქნება სასამართლოს ბედი საქართველოში. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ სასამართლო ტერორისგან.
ჩვენ ვნახეთ რომ სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანმა ჯერ გადაიხადა 800 000 დოლარი კომპანიის შესყიდვისთვის და შემდეგ აიღო სესხი-ეს ხომ ვნახეთ? ვნახეთ ჩანაწერი, სადაც ნიკა გვარამია მასთან 6 მილიონზე საუბრობს, ხოლო შემდეგ ამ საუბრის ავთენტურობა გვარამიამ დაადასტურა. შეხედეთ ლოგიკას, “ნაციონალური მოძრაობა”, ნიკა გვარამია და სააკაშვილი სასამართლოზე შეტევას ახორციელებენ. კი არ იცავენ სიტყვის თავისუფლებას და სასამართლოს დამოუკიდებლობას-უტევენ.”-განაცხადა ნაცვლიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, დიანა ტრაპაიძის გადაცემაში.
ლაშა ნაცვლიშვილის ამ განცხადებებს “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” , ნიკა გვარამიას, დავით საყვარელიძისა და ელისო კილაძის კონტრარგუმენტები მოჰყვა.
დავით საყვარელიძის, ნიკა გვარამიასა და ელისო კილაძის განცხადებით, ლაშა ნაცვლიშვილი მათთვის ფარული ჩანაწერების მიყიდვას ცდილობდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს, კახი კალაძეს და თეა წულუკიანს შეეხებოდა, თუმცა რადგან რამდენიმე მილიონის გადახდა არ შეეძლოთ, ჩანაწერების შესყიდვა ვერ მოხერხდა.
ნაცვლიშვილმა ბრალდებებს სოციალური ქსელით უპასუხა და “ბოდვა” უწოდა:
“როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი.
ემწარათ სიმართლე დანაშაულზე წასწრებულებს და ჭინკების მორიგი შაბაში მოაწყვეს სტუდიაში, თანაც immediately…
მოაწყვეს, რათა კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვენახა, რომ სიყალბე და ძალადობა იყო და რჩება ნაციონალური მოძრაობის საფირმო ნიშნად; რომ ცილისწამება და მორალური ტერორიღა შემორჩათ მწირი პოლიტიკური არსენალიდან; რომ გარდაუვალი კატასტროფის გაჭიანურებული მოლოდის გამო აგონიაში ჩავარდნილი, ღვარძლით სნეული ბოროტი გონება მხოლოდ სიშლეგეს გამოიმუშავებს.
და სწორედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი, – მათ მიმართ ნათქვამ უკლებლივ ყველა სიტყვას, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გიმეორებთ.
P.S. რამდენიმე შეტყობინება მივიღე – მედია კომენტარს მთხოვს ე.წ. ბრალდებებზე: აგონიური ბოდვის კომენტირება როგორ შეიძლება, მეგობრებო, – ეს არა მხოლოდ ღირსებისშემლახავი, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც კონტრპროდუქტიულია…”-აღნიშნა ნაცვლიშვილმა.