ამ წუთებში ვარდების მოედნიდან საქართველოს ბანკამდე აქცია-მსვლელობა იმართება, რომლის მონაწილეები მოითხოვენ რუსთავის აზოტის გათავისუფლებული მუშების უპირობო აღდგენას სამსახურში. აქციის მონაწილეებმა გზის ერთი მხარე დაიკავეს. პოლიცია მათგან მოითხოვს, რომ არ გადავიდნენ გზის მეორე მხარეს, თუმცა აქციის მონაწილეთა შორის აღმოჩნდა პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე, რომელმაც ამ წესის დაცვა ვერ მოახერხა. ამ უკანასკნელსა და პოლიციას შორის კი მცირე ინციდენტსაც კი ჰქონდა ადგილი. (იხილეთ ვიდეო)
https://www.youtube.com/watch?v=vJVBTjrKJFw
„საქართველოს ბანკს აქვს განზრახვა რომ ქვეყანაში სამრეწველო ობიექტები ხელში ჩაიგდოს. მათ მიზანში აქვთ ამოღებული რუსთავის აზოტიც, რომელიც საბოლოოდ, ალბათ გაჩერდება. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოთ 350 ადამიანის საწარმოში დაბრუნებას და შრომითი პირობების უზრუნველყოფას. ამიტომ მივალთ საქართველოს ბანკის ოფისთან და მესვეურებს მოვთხოვთ პასუხისმგებლობა აიღონ გათავისუფლებული მუშების სოციალურ მდგომარეობაზე“ – განაცხადა “აუდიტორია 115-ი”ს წევრმა, ლევან ლორთქიფანიძემ „მეტრონომთან“.
„საზოგადოება სულ უფრო კონსოლიდირებულია წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით. ფაქტი ის არის, რომ დამსაქმებლებმა ეს ხალხი ყველაფრის გარეშე დატოვეს. ეს ხალხი ბანკების ტყვეა და ბანკების დიქტატურა და მონოპოლია უნდა დასრულდეს. როცა ბანკები ლამის სახინკლეებს და მარკეტებს ხსნიან, ბუნებრივია ამ ქვეყანაში მცირე ბიზნესი ვერ განვითარდება. ფაქტი არის ის, რომ ამ ხალხს სჭირდება იმ კრედიტების მომსახურება, რომელსაც საკუთარი ხელფასით ემსახურებოდა. დღეს, ეს ხალხი სამსახურიდან დათხოვნილია”-განაცხადა „მეტრონომთან“ პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილმა.
„მეტრონომთან“ აქციის მონაწილეები, სამსახურიდან დათხოვნილებიც საუბრობენ:
„მე ჩემს საქმეს პროფესიონალურ დონეზე ვასრულებ. ჩემი დირექტორი ერთ თვეში იღებს იმ ხელფასს, რომელიც მე ხუთ წელში უნდა ავიღო. ე.ი. მენეჯმენტი ჰყავს ცუდი საწარმოს”-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა „მეტრონომთან“.
„46 წელი ვიმუშავე ამ ქარხანაში და ისიც არ მითხრეს, რომ თავისუფალი ვარ. ერთ დღესაც მივედი და ჩემი საშვი აღარ მიშვებდა, ვერ შევედი ქარხანაში. ამით გავიგე, რომ გამიშვეს. ეს დამამცირებელი არ არის?“- განუცხადა „მეტრონომს“ მეორე დაზარალებულმა.
შეგახსენებთ, რომ ამ თემაზე „აუდიტორია 115“-მა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
„სახელმწიფოს ნეოლიბერალურ პოლიტიკას, „რუსთავის აზოტის“ სახით, ახალი მსხვერპლი ჰყავს. საქართველოს ბანკის მფლობელობაში გადასული საწარმოდან, ერთი კვირის წინ, დამსაქმებელმა 350 ადამიანი სრულიად უკანონოდ გაათავისუფლა. სამსახურში მისულ მშრომელებს თავიანთი საშვები დაბლოკილი დახვდათ, დამქირავებლებმა დაარღვიეს შრომის კოდექსის რამდენიმე მუხლი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში აზოტის 7000 ადამიანისგან შემდგარი კოლექტივი 5000-ით შემცირდა და ეს ტენდენცია კვლავაც გრძელდება.
როგორც იცით, რუსთავი წლების წინ ერთ-ერთ უდიდეს ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენდა, თუმცა ქვეყნის ნეოლიბერალურმა პოლიტიკამ წარმოება ნგრევის პირამდე მიიყვანა, ინვესტორებმა ყოველგვარი კონტროლისა და რეგულაციების გარეშე შეძლეს საზოგადო დოვლათის გაზიდვა სხვადასხვა ქვეყანაში და ახლა, საქართველოს ბანკის მფლობელობაში გადასულ აზოტის ქარხანასაც კონსერვაცია, ან ახალი ინვესტორის ხელში გადასვლა ელის, რაც ნიშნავს მშრომელთათვის მძიმე სამუშაო პირობებს, დაბალ ანაზღაურებას და საზოგადო საკუთრებით ერთი ან ადამიანთა მცირე ჯგუფის გამდიდრებას“- ნათქვამია „აუდიტორია 115-ის“ განცხადებაში.
ნინო ცხადაია