„პლებისციტი, არჩევნები ან რაიმე სხვა ქმედება რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვას, ვერ განხორციელდება ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია უცხო სახელმწიფოს მიერ, საიდანაც გამოდევნილია მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობა, სადაც ჩატარდა ეთნიკური წმენდა და დღეს ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალად გველენება რუსეთის ფედერაცია.
ნებისმიერი მცდელობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს შეეცვალოს სახელწოდება ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და მთლიანობის ხელყოფის მცდელობას და მორიგ ნაბიჯს, გადადგმულს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემგომი ანექსიისაკენ.
შეგახსენებთ, რომ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა სამხრეთ ოსეთისთვის სახელწოდების შეცვლის რეფერენდუმი 2017 წლის 9 აპრილს დანიშნა.
„სპუტნიკ ოსეტიას“ ინფორმაციით, პლებისციტი პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად გაიმართება.
„რეფერენდუმზე მოქალაქეებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვას – „თანახმა ხართ თუ არა, სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის პირველი სტატიის პირველ ნაწილში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს როგორც „1. რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი – სახელმწიფო ალანია – სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის თვითგამორკვევის შედეგად ჩამოყალიბებული სუვერენული დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო“, – აღნიშნულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განკარგულებაში.