აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„რუსთავის აზოტის“ გათავისუფლებული მუშები, დარბეული აქცია და ვიზალიბერალიზაცია

„სახელმწიფოს ნეოლიბერალურ პოლიტიკას, „რუსთავის აზოტის“ სახით, ახალი მსხვერპლი ჰყავს. საქართველოს ბანკის მფლობელობაში გადასული საწარმოდან, ერთი კვირის წინ, დამსაქმებელმა 350 ადამიანი სრულიად უკანონოდ გაათავისუფლა. სამსახურში მისულ მშრომელებს თავიანთი საშვები დაბლოკილი დახვდათ, დამქირავებლებმა დაარღვიეს შრომის კოდექსის რამდენიმე მუხლი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში აზოტის 7000 ადამიანისგან შემდგარი კოლექტივი 5000-ით შემცირდა და ეს ტენდენცია კვლავაც გრძელდება.

როგორც იცით, რუსთავი წლების წინ ერთ-ერთ უდიდეს ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენდა, თუმცა ქვეყნის ნეოლიბერალურმა პოლიტიკამ წარმოება ნგრევის პირამდე მიიყვანა, ინვესტორებმა ყოველგვარი კონტროლისა და რეგულაციების გარეშე შეძლეს საზოგადო დოვლათის გაზიდვა სხვადასხვა ქვეყანაში და ახლა, საქართველოს ბანკის მფლობელობაში გადასულ აზოტის ქარხანასაც კონსერვაცია, ან ახალი ინვესტორის ხელში გადასვლა ელის, რაც ნიშნავს მშრომელთათვის მძიმე სამუშაო პირობებს, დაბალ ანაზღაურებას და საზოგადო საკუთრებით ერთი ან ადამიანთა მცირე ჯგუფის გამდიდრებას“- ნათქვამია „აუდიტორია 115-ის“ განცხადებაში, რომელთა ცნობით ხვალ, თბილისში, ვარდების მოედნიდან საქართველოს ბანკამდე აქცია-მსვლელობა იგეგმება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ გათავისუფლებული მუშების უპირობო აღდგენას სამსახურში.

როგორც „აუდიტორია 115-ის“ წევრები რამდენიმე დღის წინ, „რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ მშვიდობიან აქციაზე წერდნენ, სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს: „რამდენიმე აქტივისტი ნაცემია და აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მივმართავთ საქართველოს მთავრობას და მოვითხოვთ მოძალადეების დასჯას“.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რუსთავის „აზოტიდან“  350 ადამიანი გაათავისუფლეს. როგორც მუშები ყვებიან, 25 იანვარს, დილით სამსახურში მისულ 350-მდე დასაქმებულს საშვები დაბლოკილი დახვდათ, შესაბამისად აღმოჩნდა, რომ ისინი სამსახურიდან დაითხოვეს. როგორც ყოფილი თანამშრომლები ყვებიან, კომპანიას წინასწარ ამის შესახებ არავინ გაუფრთხილებია. 24 იანვარს კი თანამშრომლების ნაწილს სხვადასხვა საწყობის ხელმძღვანელებმა ერთწლიან კონტრაქტებზე მოაწერინეს ხელი. 350 თანამშრომელს კი კონტრაქტები არ გაუფორმეს.  გადაწყვეტილება თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ ქარხნის მმართველმა კომპანიამ EU Investment-მა მიიღო, რომელმაც სააქციო საზოგადოება გასული წლის სექტემბერში შეიძინა.

როგორ  „მეტრონომს“საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ადგილობრივმა წარმომადგენელმა გელა ბიჭიაშვილმა განუცხადა, ყველა პროცედურა მოხდა კანონმდებლობის გვერდის ავლით. ადამიანებმა თავიანთი სამსახურები ისე დაკარგეს, რომ წინასწარ არ გააფრთხილეს.

„ისინი, როდესაც შედიოდნენ გამშვებ პუნქტთან, დაბლოკილი დახვდათ  საშვები. მაშინ გაიგეს რომ ბიუროში აღარ მუშაობენ. ეს არის  „ჯუნგლების კანონი“, იმიტომ, რომ კანონთა კოდექსის თანახმად მათთვის უნდა ეცნობებინათ, რომ ისინი ვეღარ გაუგრძელებდნენ კონტრაქტს, თუმცა ყველაზე მეტი დანაშაული იმაშია, რომ უმეტესობას უვადო კონტრაქტები ჰქონდა. შემდგომ, ამის პარალელურად, შემოიტანეს კაბალური მუხლების შემცველი, კანონმდებლობას მოკლებული კონტრაქტები, ეს იყო საბანკო ურთიერთობის კონტრაქტები, წვრილი შრიფტით დაწერილი, 5-6 ფურცლიანი, სადაც გაურკვეველი მუხლები ეწერა. ჩვენი ადვოკატები მას შიფრავდნენ 2 დღის განმავლობაში და აღმოჩნდა, რომ ყოველი მესამე მუხლი იყო კაბალური, მონობის ტოლფასი“- განუცხადა „მეტრონომს“ გელა ბიჭიაშვილმა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ:

შრომის კაბალური შეთანხმების გაუქმებას;

ამ ადამიანების სამსახურში აღდგენას;

ეკონომიკის სამინისტროს შეატყობინოს საწარმომ, რომ თანამშრომლებს მასობრივად ითხოვს სამსახურიდან.

გელა ბიჭიაშვილის თქმით, იმ დროს, როდესაც ადმინისტრაციულ შენობაში მუშები და აქტივისტები შევიდნენ, სამართალდამცველებმა დაარბიეს აქტივისტები, გამოყარეს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

„მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ახალი კომპანიის ადმინისტრაციას, იმიტომ, რომ 7 დღის განმავლობაში ჩვენ პასუხიც კი არ გვაღირსეს ამის თაობაზე. ისედაც კანონდარღვევით ხდებოდა ყველაფერი. მითუმეტეს 5 დღის შემდეგ, მათ ოფიციალურად წერილი მიუვიდათ. გვეუბნებიან ასეთ რამეს, რომ შპს „რუსთავის აზოტის“ ინფორმაციას ჩვენ აღარ ვფლობთო.   მათ დაარბიეს აქტივისტები, გამოყარეს, ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენეს“ – განუცხადა „მეტრონომს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ადგილობრივმა წარმომადგენელმა გელა ბიჭიაშვილმა.

„მეტრონომი“ შსს-ს დაუკავშირდა, რომლებმაც განგვიცხადეს, რომ აქციის მონაწილეები შეიჭრენ ადმინისტრაციულ შენობაში და სამართლდამცველებმა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება –  აქციის მონაწილეებს დაატოვებინეს ადმინისტრაციული შენობა.

„გარეთ მათ არავინ არ უშლიდა ხელს აქციის ჩატარებაში“- განაცხადეს შსს-ში.

როგორც „მეტრონომს“ უწყებაში განუცხადეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსისი 160-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ბინაში ან სხვა მფლობელობაში, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ  უკანონოდ შესვლას გულისხმობს.

რაც შეეხება სახალხო დამცველის აპარატს, „მეტრონომს“ პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ჯერ მოკვლევის პროცესში არიან.

ამ ინციდენტის შემდეგ, “აზოტის ქარხნიდან“ გათავისფულებული თანამშრომლების საკითხზე გამართული სამმხრივი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.  დახურულ კარს მიღმა მსჯელობა თითქმის  სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.  რუსთავის აზოტის, პროფკავშირებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოლაპარაკებას უშედეგოდ ცდილობდნენ.

“პირადად ვესწრებოდი შეხვედრას. მეორე მხარემ, დამსაქმებელმა და მათმა წარმომადგენლებმა უარი თქვეს ჩვენს შეთავაზებაზე, იმაზე, რომ ყველაფერი მომხდარიყო აუცილებელი პროცედურბეის გავლით, რომელიც შესაბამისობაშია კანონთან. მათ მუშებს შესთავაზეს, რომ თითოეული მათგანი 500-500 ლარს აიღებდა 3 თვის განმავლობაში, რაც ავტომატურად ნიშნავს, მათი 3 თვის შემდეგ გათავისუფლებას“ – განუცხადა „მეტრონომს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ადგილობრივმა წარმომადგენელმა გელა ბიჭიაშვილმა.

გელა ბიჭიაშვილმა „მეტრონომს“ განუცხადა, რომ ისინი აქციებს გააგრძელებენ, ვიდრე უშუალოდ გენერალური დირექტორი, რომლის სახელზეც დაწერილია კონტრაქტები, არ მოისურვებს მათთან შეხვედრას.

„თუმცა,შეხვედრამ გადაგვიწურა იმედი, როგორ ჩანს, ისინი გადაწყვეტილებას აღარ ცვლიან. ამიტომ, ჩვენ სარჩელი შეგვაქვს სასამართლოში, თუ შეთანხმებად ვერ მივაღწიეთ და ასევე პერმანენტული აქციების გაგრძელებას“- განაცხადა ბიჭიაშვილმა.

ამ თემაზე განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ, სადაც ნათქვამია, რომ  კომპანიის მენეჯმენტსა და დასაქმებულებს შორის უკვე შედგა სოციალური დიალოგი, სადაც გაჟღერდა მხარეთა პოზიციები და  რუსთავის „აზოტის“ ხელმძღვანელობა  გარკვეულ კომპრომისებს დათანხმდა.

„ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ რუსთავის „აზოტში“ დასაქმებულების განცახადება, თითქოს სამინისტრომ მიაწოდა მათ ინფორმაცია, რომ კომპანიიდან იგეგმება კიდევ 400 დასაქმებულის გათავისუფლება, სიმართელს არ შეესაბამება. მხარეებს შორის დავის დაწყებისთაანავე, ჯანდაცვის სამინისტრო, მედიაციის კუთხით  აქტიურად არის ჩართული პროცესში, რაც გულისხმობს შუამდგომლობას მხარეებს შორის, პოზიციების დასაახლოვებლად და შეთანხმების მისაღწევად. კომპანის მენეჯმენტსა და დასაქმებულებს შორის უკვე შედგა სოციალური დიალოგი, სადაც გაჟღერდა მხარეთა პოზიციები.  სს რუსთავის აზოტის ხელმძღვანელობა  გარკვეულ კომპრომისებს დათანხმდა.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს დავაში ჩართულ სხვა მახარეებს, ხელი არ შეუშალონ სოციალური დიალოგის წარმატებით დასრულებას. ეს არის მნისვნელოვანი საწარმოო დაწესებულება, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.  რომელიც რისკის ქვეშ აყენებს არამხოლოდ კომპანიაში დასაქმებულ  ადამიანებს, ასევე ადგილობრივ ბაზარს, რადგან წარმოების დროულად არ ამოქმედების შემთხვევაში კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ვერ მიეწოდება მოსახლეობას“- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროში.

განცხადება გაავრცელა ასევე რუსთავის „აზოტის“ ხელმძღვანელობამაც, სადაც ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქარხანა არ ფუნქციონირებს, „რუსთავის აზოტი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას უზრუნველყოს ქარხნის იმ თანამშრომლებისთვის(330 თანამშრომელი), ვისთანაც არ გაფორმდა შრომით კონტრაქტები, მოხდეს ორი თვის შრომის  ანაზღაურების გადახდა.

„რუსთავის აზოტის“ განცხადება:

doc

„რუსთავის აზოტის“ ქარხნიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტის შესწავლას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გეგმავს.

“აქ მინისტრიც უნდა ჩაერიოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის მონაწილეობაც მნიშვნელოვანია და საბოლოო ჯამში, როდესაც მის მოქალაქეებს დამსაქმებელი ეპყრობა ასე უკანონოდ და ღირსების შემლახავად, რას აკეთებს ამაზე სახელმწიფო? ის გვერდზე არის გამდგარი და დამკვირვებლის თვალით უყურებს ამ პროცესებს, თუ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც მას აქვს, რომ დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უფლებები?!” – აცხადებს საიას ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი.

„რუსთავის აზოტის“ ირგვლივ შექმნილი სიტუაცია და ინციდენტი,  სადაც სტუდენტებისა და გათავისუფლებული თანამშრომლების თქმით, პოლიციამ ძალადობრივი მეთოდებით დაშალა მშვიდობიანი აქცია,  უხილავი გახდა საზოგადოებისთვის, რადგან მედიასაშუალებებისა და საზოგადოების ყურადღება მთლიანად მიმართული იყო ვიზალიბერალიზაციისკენ. სწორედ ამ ინციდენტის პარალელურად, ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზიის შემოღების საკითხს მხარი დაუჭირა.

„ულუკმაპუროდ დატოვებული ხალხის დარბევა არ არის ჩვენი არჩევანი და ეს არც ის ევროპული არჩევანია, რომელსაც ასე ზეიმობთ დღეს !“ – ნათქვამია „აუდიტორია 115-ის“ განცხადებაში.

გელა ბიჭიაშვილმა“ მეტრონომს“ განუცხადა, რომ მოლაპარაკებები დღესაც გაიმართა, თუმცა ისევ უშედეგოდ, მხარეები კვლავ ვერ შეთანხმდნენ. „აუდიტორია 115-ის“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ კი „მეტრონომს“ განუცხადა, რომ ახლა მათ მუშებს ერთდროულად 1500 ლარი შესთავაზეს, თუმცა მუშები არც ამ წინადადებას დათანხმდნენ. სწორედ ამიტომ აქციები კვლავ გრძელდება, ხვალ 12 საათზე აქცია-მსვლელობა „ვარდების მოედნიდან“ საქართველოს ბანკამდე იგეგმება, სადაც განვითარებულ მოვლენებს „მეტრონომი“ დეტალურად შემოგთავაზებთ.

ნინო ცხადაია

 

იტვირთბა....