ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“თუ ნაზღაიძის მიმართ ქონების უკანონო კომპენსაცია დადასტურდა, კარლო ლაფერაძის პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებ”

ქონება, ზოგადად, ფასდება შეფასების სააგენტოს სამსახურების მხრიდან, ძირითადად, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ და ისე გაიცემა კომპენსაცია. ნაზღაიძის შემთხვევაშიც ასე უნდა ყოფილიყო -შეფასებულიყო ქონება და ანაზღაურებულიყო შემდეგ,-ამის შესახებ “მეტრონომს” საკრებულოს ადამიანთა უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტერგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, გულიკო ზუმბაძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, იმ ხუთი ოჯახის სასამართლო პროცესი, რომელიც 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, (ნაზღაიძისგან განსხვავებით. რედ),  დღემდე ელის სახელმწიფოსგან კომპენსაციას, აშკარად ჭიანურდება:

“ადამიანთა უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიამ იმსჯელა ამ ხუთი ოჯახის საქმესთან დაკავშირებით. ცალსახად შემდეგი პოზიცია გვაქვს, რომ სასამართლო პროცესი ჭიანურდება და ეს ადამიანები, მართლა არიან დაზარალებულები. მერია მათ, როგორც დაზარალებულებს, ბინის ქირას უხდის. პრობლემა იმაში გახლავთ, რომ მათ საკუთრებაში დარეგისტრირებული არ ჰქონდათ საცხოვრებელი ადგილი და ლეგალიზაცია ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ ეს ტერიტორია რეკრეაციულ ზონაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ამ ადამიანების კომპენსაციის პროცესი გაჭინაურდა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა უფრო ოპერატიული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბატონ დავით ნარმანიასთან, გვსურდა ერთობლივად ჩამოვყალიბებულიყავით ამ ოჯახებისთვის ალტერნატიული კომპენსირების ვარიანტის გამოსანახად. უკვე თითქმის შეჯერებულია საკითხები, რომ ამ ოჯახების კომპენსაცია მოხდეს. ყველაზე შესაძლო ვარიანტია, რომ მერიის სარეზერვო ფონდიდან გაიცეს ამ ადამიანებისთვის კომპენსაცია.

“მეტრონომი”: ეს ოჯახები აცხადებენ, რომ ნატა ნაზღაიძის ძმისთვის კომპენსაციის სახით მილიონის გადახდა გასაკვირი არ იყო, რადგან  იცოდნენ, რომ ამ მხრივ ბიუჯეტი არასწორად იხარჯებოდა. ოპოზიცია კი საუბრობს იმაზეც, რომ მოსამართლის ძმაზე არც იყო რეგისტრირებული ის ტერიტორია, რომლის კომპენსაციაც მიიღო.

გულიკო ზუმბაძე: “მე მესმის ამ ოჯახების, ისინი განაწყენებული პოზიციიდან საუბრობენ  სხვა ოჯახებზე გაცემულ კომპენსაციებთან დაკავშირებით და მათი აბსოლუტურად მესმის. რაც შეეხება ნაზღაიძის კონკრეტულ საკითხს, ქონება, ზოგადად, ფასდება შეფასების სააგენტოს სამსახურების მხრიდან, ძირითადად, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ და ისე გაიცემა კომპენსაცია. ნაზღაიძის შემთხვევაშიც ასე უნდა ყოფილიყო წესით-შეფასებულიყო ქონება და ანაზღაურებულიყო შემდეგ. თუკი აქ რამე უკანონო მანიპულაციასთან გვაქვს საქმე, ეს სათანადოდ უნდა იყოს შესწავლილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ქონების მართვის სააგენტოსგან მოვითხოვთ შესაბამის ინფორმაციას და თუკი ასეთი შემთხვევა (შემთხვევები) დადასტურდება, ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, კარლო ლაფერაძის მიმართ მე პირადი პრეტენზიებიც გამაჩნია,  პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებ. “-განაცხადა გულიკო ზუმბაძემ “მეტრონომთან”.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანიის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის ნატა ნაზღაიძის ძმამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი მიიღო. კერძოდ, რუსთავი ორის ცნობით, თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით, მოსამართლის ოჯახს თბილისის მერიამ, თბილისის ცენტრში 515 ათას ლარად შეფასებული 5 000 კვადრატული მეტრი მიწა ხუთი დღის წინ გადაუფორმა. 129 000 ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, კიდევ 43 000 დოლარი – სხვა საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად. გარდა ამისა, მერია დამატებით 220 ათას ლარს ზვიად ნაზღაიძეს ბანკში ჩაურიცხავს.

მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს დეპუტატი ირაკლი აბესაძე მერიას და საკრებულოს ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია კი ამბობს, რომ მილიონი მოსამართლის ოჯახს კომპენსაციის მიზნით მისცეს.

მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე რუსთავი ორთან საუბარში ამბობს, რომ “ეს ყველაფერი 2013 წლიდან დაიწყო, რატომ უკავშირებთ ჩემი დის მოსამართლეობას? სხვებმა როგორ მოაგვარეს კომპენსაციები, ჩემი და იყო მაშინაც?”.

ცნობისთვის, “მეტრონომი”  13 ივნისს დაზარალებული ხუთი ოჯახის შესახებ ადრეც წერდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხუთმა ოჯახმა კუთვნილი კომპენსაცია ვერ მიიღო. მაშინ თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ჯაბა სამუშია, „მეტრონომთან“ საუბარში განმარტავდა, თუ რატომ შეექმნა ამ 5 ოჯახს კომპენსაციასთან დაკავშირებით პრობლემა:

ჯაბა სამუშია: „სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ვინც არ არის საქმეში ჩახედული, ჰგონია, რომ სახელმწიფო ამ 5 ოჯახს პრობლემას უქმნის. საქმე ის არის, რომ ამ 5 ოჯახს პრობლემა კანონთან მიმართებაში აქვთ. მათ საცხოვრისი არ აქვთ დაკანონებული. სახელმწიფო ვერ გადაიხდის კომპენსაციას დაუკანონებელ ფართზე. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ეს ადამიანები იქ ცხოვრობდნენ, სტიქიის პერიოდში უბედურების ზონაში მოყვნენ და ამიტომ, მათთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები დაიწყო. მათ შევთავაზეთ ფულადი კომპენსაცია, როგორც დაზარალებულთა ფონდიდან, ასევე მერიიდან, ბინების გადაცემა…  მაგრამ ეს ადამიანები თვლიან, რომ იმ კანონის შესაბამისად უნდა მიიღონ ანაზღაურება, რა წესიც თავის დროზე საკრებულომ მიიღო (დაზარალებულთა კომპენსაციისთვის). იმ წესში კი პირდაპირ არის მითითებული, რომ ადამიანი მესაკუთრე უნდა იყოს. ამ ხუთმა ოჯახმა, თავის დროზე, 2007 წლამდე,  ააშენეს სახლები, მაგრამ ტერიტორია, სხვადასხვა მიზეზის გამო,  არ დაუკანონებიათ. შემდეგ, ამ  დაუკანონებელ ტერიტორიას, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში დაედო რეკრეაციული ზონის სტატუსი, შესაბამისად, მისი არც გაყიდვის, გასხვისების, ან დამტკიცების უფლება არ გვაქვს.

ამ ადამიანებთან მოლაპარაკება მიდის, რომ მათი ყველა სურვილი შეჯერდეს კანონის ფარგლებში.”-აღნიშნავდა ჯაბა სამუშია.

“მეტრონომი” ცდილობს კვლავ დაუკავშირდეს თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს და მის კომენტარს, მოპოვებისთანავე შემოგთავაზებთ.

იტვირთბა....