ჩვენ არ ვართ თანამდებობის პირები და არ მოგვცეს კომპენსაცია, ნატა ნაზღაიძის ოჯახმა კი მილიონი მიიღო,-ამის შესახებ “მეტრონომს” 13 ივნისს დაზარალებულმა ქალბატონმა, მზია გასვიანმა განუცხადა, რომელიც იმ ხუთ ოჯახში შედის, კომპენსაციას სახელმწიფოსგან დღემდე რომ ელის:
” ხუთმა ოჯახმა სასამართლო 31 ოქტომბერს მოვიგეთ, ეს მთელმა საკრებულომ იცოდა, მაგრამ საშობაო საჩუქარი გაგვიკეთეს და სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. იმ ქალბატონისთვის (ნატა ნაზღაიძე) არჩიეს ფულის გადახდა. ახლა, ჩვენ, სააპელაციო სასამართლოში ვასაჩივრებთ საკრებულოს გადაწყვეტილებას. არ ვიცით როგორ დამთავრდება ეს საქმე.
ვიცი, რომ ის ტერიტორია (ნატა ნაზღაიძის ძმის) გამოუსადეგარია- მდინარის პირია. ზოგადად, ვიცოდი, რომ ბიუჯეტის თანხა, რომელიც 13 ივნისს დაზარალებულთათვის გამოიყო, არამიზნობრივად გაიხარჯა. ამიტომაც მოვიგეთ სასამართლო, რომ გვეკუთვნოდა, მაგრამ გაგვისაჩივრეს. ვინც სჭირდებოდათ, იმას გაუკეთეს საქმე-დააკმაყოფილეს ნაზღაიძე.”-განაცხადა მზია გასვიანმა “მეტრონომთან”.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანიის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის ნატა ნაზღაიძის ძმამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი მიიღო. კერძოდ, რუსთავი ორის ცნობით, თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით, მოსამართლის ოჯახს თბილისის მერიამ, თბილისის ცენტრში 515 ათას ლარად შეფასებული 5 000 კვადრატული მეტრი მიწა ხუთი დღის წინ გადაუფორმა. 129 000 ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, კიდევ 43 000 დოლარი – სხვა საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად. გარდა ამისა, მერია დამატებით 220 ათას ლარს ზვიად ნაზღაიძეს ბანკში ჩაურიცხავს.
მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს დეპუტატი ირაკლი აბესაძე მერიას და საკრებულოს ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია კი ამბობს, რომ მილიონი მოსამართლის ოჯახს კომპენსაციის მიზნით მისცეს.
მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე რუსთავი ორთან საუბარში ამბობს, რომ “ეს ყველაფერი 2013 წლიდან დაიწყო, რატომ უკავშირებთ ჩემი დის მოსამართლეობას? სხვებმა როგორ მოაგვარეს კომპენსაციები, ჩემი და იყო მაშინაც?”.
ცნობისთვის, “მეტრონომი” 13 ივნისს დაზარალებული ხუთი ოჯახის შესახებ ადრეც წერდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხუთმა ოჯახმა კუთვნილი კომპენსაცია ვერ მიიღო. მაშინ თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ჯაბა სამუშია, „მეტრონომთან“ საუბარში განმარტავდა, თუ რატომ შეექმნა ამ 5 ოჯახს კომპენსაციასთან დაკავშირებით პრობლემა:
ჯაბა სამუშია: „სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ვინც არ არის საქმეში ჩახედული, ჰგონია, რომ სახელმწიფო ამ 5 ოჯახს პრობლემას უქმნის. საქმე ის არის, რომ ამ 5 ოჯახს პრობლემა კანონთან მიმართებაში აქვთ. მათ საცხოვრისი არ აქვთ დაკანონებული. სახელმწიფო ვერ გადაიხდის კომპენსაციას დაუკანონებელ ფართზე. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ეს ადამიანები იქ ცხოვრობდნენ, სტიქიის პერიოდში უბედურების ზონაში მოყვნენ და ამიტომ, მათთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები დაიწყო. მათ შევთავაზეთ ფულადი კომპენსაცია, როგორც დაზარალებულთა ფონდიდან, ასევე მერიიდან, ბინების გადაცემა… მაგრამ ეს ადამიანები თვლიან, რომ იმ კანონის შესაბამისად უნდა მიიღონ ანაზღაურება, რა წესიც თავის დროზე საკრებულომ მიიღო (დაზარალებულთა კომპენსაციისთვის). იმ წესში კი პირდაპირ არის მითითებული, რომ ადამიანი მესაკუთრე უნდა იყოს. ამ ხუთმა ოჯახმა, თავის დროზე, 2007 წლამდე, ააშენეს სახლები, მაგრამ ტერიტორია, სხვადასხვა მიზეზის გამო, არ დაუკანონებიათ. შემდეგ, ამ დაუკანონებელ ტერიტორიას, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში დაედო რეკრეაციული ზონის სტატუსი, შესაბამისად, მისი არც გაყიდვის, გასხვისების, ან დამტკიცების უფლება არ გვაქვს.
ამ ადამიანებთან მოლაპარაკება მიდის, რომ მათი ყველა სურვილი შეჯერდეს კანონის ფარგლებში.”-აღნიშნავდა ჯაბა სამუშია.
“მეტრონომი” ცდილობს კვლავ დაუკავშირდეს თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს და მის კომენტარს, მოპოვებისთანავე შემოგთავაზებთ.