მოძრაობა ”ევროპულმა საქართველომ” “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებული მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარის მიღების თაობაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას განცხადებით მიმართა. საქმე ეხება 13 ივნისის ფონდს, სადაც დაზარალებულების ნაწილი დღემდე ელის კომპენსაციას, ხოლო მოსამართლის ოჯახმა ბიუჯეტიდან ანაზღაურება მიიღო. განცხადება მთავარ პროკურატურაში პარტიის წევრმა ირაკლი აბესაძემ შეიტანა.
როგორც აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლის ოჯახზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან კომპენსაცია ისე გაიცა, რომ დაირღვა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ დამტკიცებული ყველა წესი და ნორმა:
”კიდევ ერთი კორუფციული სკანდალი, რომელშიც თბილისის მერია ეხვევა და ნათელი ხდება, რომ თბილისის მერად დავით ნარმანიას ყოფნის პერიოდში ამ უწყების კორუფციისგან გათავისუფლება შეუძლებელია, ეს არის ასევე საკითხი, რომელზეც შეიძლება მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მაშინ როდესაც რამდენიმე მოქალაქე, რომელიც რეალურად დაზარალდა სტიქიით, დაენგრათ საცხოვრებელი სახლები და მათ მერია სხვადასხვა ბიუროკრატიული მიზეზით, უარს ეუბნება კომპენსაციის გაცემაზე, აღმოჩნდა, რომ ერთი მოქალაქისთვის შესაძლებელი გახდა ყველა კანონის, ყველა ნორმატიული აქტის გვერდის ავლით და დარღვევით მილიონი ლარის კომპენსაციის მიღება, ნაწილი თანხის, ნაწილი კი სახელმწიფო ქონების ხარჯზე. როდესაც ეს ადამიანი აღმოჩნდება ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ძმა, მაშინ ნათელი ხდება რა პირადი დაინტერესება იყო ხელისუფლების მხრიდან, გაეფლანგა მილიონობით სახელმწიფო ქონება და ფინანსები მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის პირადი სიამოვნებისთვის”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
როგორც აბესაძე აცხადებს, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ჩამორთმეული ქონება, რომელიც 13 ივნისის სტიქიის ზონაში მდებარეობდა, წარმოადგენს ცარიელ მიწის ნაკვეთს. , საკრებულოს უმრავლესობამ კი უარი თქვა კომპენსაციები გაეცა იმ პირებზე, ვისაც სტიქიის ზონაში მხოლოდ მიწის ნაკვეთები ჰქონდათ.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში, ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი 1 მილიონი ლარის ქონება გადასცა.