აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„თუ არ გაჩერდებიან მათ სიბინძურეებს გამოვააშკარავებ“: ახვლედიანი „მეტრონომთან“ სუსის თანამშრომლების გვარებს ასახელებს

„მამუკა მდინარაძე ჩემთან დაკავშირებას ცდილობდა. უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეობა უნდოდა და ჩემი მხადაჭერა სურდა“ – ექსკლუზიური ინტერვიუ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი „მეტრონომთან“ ინტერვიუში ხელისუფლებას და უსაფრთხოების სამსახურს, მისი სახელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, სუს-ის ზოგიერთ მაღალჩინოსანს მის მიმართ პიროვნული პრობლემები აქვს, რადგანაც მან ამ ადამიანებზე კანონდარღვევის და არასახელმწიფოებრივ  საქმიანობის შესახებ ბევრი რამ იცის. ახვლედიანის განცხადებით, ის ყველა იმ ადამიანს სასამართლოში უჩივლებს, რომლებიც მას ქრთამის აღებაში ადანაშაულებს. მოსამართლე ახლო მომავალში მისი გვარის და სახელის ხსენებას სხვა ფარულ აუდიო ჩანაწერბშიც არ გამორიცხავს.

„მეტრონომი“: დღეს ნიკა გვარამიას და ზურაბ ადეიშვილის ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც თქვენი გვარიც ფიგურირებს. რას იტყვით ამ ახალ ჩანაწერთან დაკავშირებით?

მამუკა ახვლედიანი: ამ ქვეყანაში სინდისი და ნამუსი არავის აღარ შერჩა? წარმოდგენა არ მაქვს, გვარამია და ადეიშვილი ჩემ გვარს რატომ და რა კონტექსტში ახსენებენ. არც გვარამიასთან და არც ადეიშვილთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს. მაგ ხალხთან რა საერთო მაქვს?!

ასე შეიძლება ყველამ შუბლის ძარღვი გაიწყვიტოს? თუნდაც ჩემი გვარი ნახსენები იყოს, მერე მე რა შუაში ვარ? სუს-ში არის ძალიან ბევრი ავადმყოფი ადამიანი, რომელთა გონებაშიც მსგავსი სისულელეები იხარშება.

გვარებსაც გეტყვით, ზარდიაშვილი, რომელიც ზის და ფიქრობს, რა სიბინძურე მოიგონოს, რომ ლაფში ამომსვაროს. ჩინჩალაძე, მდინარაძე, გოგაშვილი, ეს ავადმყოფები სხედან და მეტი საქმე არა აქვთ. აუდიო ჩანაწერების მონტაჟის მეტი საქმე არა აქვთ.

– თქვენი აზრით, ეს ჩანაწერი დამონტაჟებულია, სადაც თქვენი გვარის მიბმა მიზანმიმართულად მოხდა? რაში სჭირდება უსაფრთხოების სამსახურს თქვენი ადეიშვილთან და გვარამიასთან დაკავშირება?

– ერთი წელია რაც მოსამართლე აღარ ვარ. სადმე გინახავთ, რომ დამერეკოს და რამეზე ინიციატივით გამოვსულიყავი? ჩემთვის სახლში ვზივარ, თავი რამდენი ხანი უნდა ვიმართლო? ამ კაი ადამიანებს თუ ჩემზე რაიმე კომპრომატი აქვთ და მექრთამე ვარ, რატომ სამართლებრივ დევნას არ იწყებენ? დავიღალე ამ თავის მართლებით.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე რაღაც გადაწყვეტილების მიღება უნდა და ამით საზოგადოებრივ აზრს ამზადებს. როგორც ჩანს, ამ ავადმყოფი ადამიანების ტვინში, ჩემი გვარიც რაღაც როლს ასრულებს და მეც შიგადაშიგ მახსენებენ.

– რას იტყვით ინფორმაციაზე, რომ გვარამიამ ქრთამის სახით 6 მილიონი გადამოგცათ?

– თუ ამხელა თანხა ავიღე, ეს კაი ხალხი რას აკეთებს? ამდენი ფული სად ჯანდაბაში უნდა წამეღო? ფანტაზიაც რომ არა აქვთ. მაშინ წარმოადგინონ მტკიცებულებები, თორემ სასამართლოს მე თვითონ მივმართავ და წულუკიანს, ლაწირაკ თალაკვაძეს და იმ საცოდავ მდინარაძეს აქეთ ვუჩივლებ. ჩემი პატივსა და ღირსების შელახვისთვის 100 ათასი ლარი გადამიხადონ. მეტს ეგენი მაინც ვერ შეძლებენ. ხოლო ეს თანხა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს გადაუხადონ, რომ მსგავსი  ნაძირლები და არაკვალიფიციური იურისტები ქვეყანაში აღარ გაიზარდონ. სასამართლოს თავმჯდომარეს თურმე ქრთამი აუღია, ამდენი ფული სად უნდა წამეღო?

– თქვენ როგორც აღნიშნეთ, უსაფრთხოების სამსახური თქვენ მიმართ, მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს. ელით თუ არა, რომ თქვენი სახელის ხსენება მომავალშიც, ახალ ფარულ ჩანაწერებშიც იყოს ნახსენები?

– რა თქმა უნდა, ველი, ამათ თავებში რა მოიხარშება ღმერთმა არ იცის. ფსიქიკურად შეშლილი ადამიანების მოქმედებების გათვლა მე არ შემიძლია. არ ვაპირებ ამ არანორმალური ხალხის თამაშში ჩავება. არც პოლიტიკა მაინტერესებს და არც პოლიტიკოსები. ყველამ თავი დამანებოს, არც „ნაციონალები“ და არც „ქართული ოცნება“ მინდა.

– ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ეს მიზანიმართული კამპანიაა, რომელიც ხელისუფლებას კონკრეტული თემების გადასაფარად სჭირდება. თქვენ იზიარებთ ამა მოსაზრებას?

– რა თქმა უნდა, ხელისუფლებას კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, გვერდები აეწვა. მოსამართლე ნატა ნაზღაიძის საქმეზე კონკრეტული არაფერი ვიცი, თუმცა რაც ტელევიზიით მოვისმინე, ძალიან ბევრ კითხვებს აჩენს.

ახლა, ეს კომპლექსიანი ერთუჯრედიანი ადამიანები დასხდნენ და ახვლედიანს, როგორც დაბალ ღობეს, მიადგნენ. პოლიტიკოსობა რომ მინდოდეს კიდევ გავიგებდი, მაგრამ ახლა რა ჯანდაბა უნდათ ვერ ვიგებ.

ალბათ პირადი პრობლემები აქვთ. ამ ადამიანებზე, რომლებიც სუს-ში მუშაობენ, ყველა სიბინძურე ვიცი რაც კი 2012 დან 2015 წლამდე აქვთ ჩადენილი. ახლა ჩემი პიროვნების დისკრედიტაცია სურთ, რამე რომ იყოს ხალხმა ჩემი ნათქვამი აღარ დაიჯეროს.

ამ ხალხს ვპირდები, თავს თუ არ დამანებებენ, მათი ყველა სიბინძურე ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება. ეს ადამიანები არიან სახელმწიფოს მტრები და თუ არ დაწყნარდებიან იმას მიიღებენ რასაც ეძებენ.

– რას იტყვით დეპუტატ მამუკა მდინარაძეზე, რომელმაც თქვენი და ნიკა გვარამიას ფარული ჩანაწერი მტკიცებულებად აღიქვა?

– მამუკა მდინარაძე ჩემთან დიდი ხანი რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, კავშირზე გამოსვლას ცდილობდა. უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარედ წარდგენაზე სურვილი ჰქონდა და ჩემი მხადაჭერა სურდა.

მაგას ჰგონია, რომ ახლა კაცია და რაღაცას წარმოადგენს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ადამიანებს, რომლებსაც ჩემი სახელის ლაფში ამოსვრა სურს, პასუხს ვაგებინებ.

ელზა პაპოშვილი

 

იტვირთბა....