საქართველოს საპატრიარქო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:
”მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცათ. ჩვენმა ხალხმა უნდა იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება იმისა, რომ ევროსივრცეში ღირსეულად წარმოაჩინოს თავი, რადგან ყოველი ჩვენი ქმედება მეტყველებს როგორც ჩვენს პიროვნებაზე, ისე ჩვენს სამშობლოზე. ჩვენი ვალია ისიც, რომ ვეცადოთ, არამარტო ჩვენ შევითვისოთ და გამოვიყენოთ ის ღირებული, რითაც ხასიათდება ეს გარემო, არამედ ჩვენი წვლილიც შევიტანოთ მის განვითარებაში; ეს კი შესაძლებელი იქნება, თუ ჩვენს კულტურას, ჩვენს ისტორიასა და ტრადიციებს გავაცნობთ და გავუზიარებთ ევროპას. ასე რომ, ასპარეზი დიდია და გონივრული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს. ყველას გილოცავთ ამ მიღწევას და შევთხოვთ ღმერთს, რწმენის სიმტკიცე, მშვიდობა და კეთილდღეობა მოგვმადლოს”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.