ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ რუსთავის „აზოტში“ დასაქმებულების განცხადება, თითქოს სამინისტრომ მიაწოდა მათ ინფორმაცია, რომ კომპანიიდან იგეგმება კიდევ 400 დასაქმებულის გათავისუფლება, სიმართლეს არ შეესაბამება,-ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია:
“მხარეებს შორის დავის დაწყებისთაანავე, ჯანდაცვის სამინისტრო, მედიაციის კუთხით აქტიურად არის ჩართული პროცესში, რაც გულისხმობს შუამდგომლობას მხარეებს შორის, პოზიციების დასაახლოვებლად და შეთანხმების მისაღწევად. კომპანის მენეჯმენტსა და დასაქმებულებს შორის უკვე შედგა სოციალური დიალოგი, სადაც გაჟღერდა მხარეთა პოზიციები. სს რუსთავის აზოტის ხელმძღვანელობა გარკვეულ კომპრომისებს დათანხმდა.
ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს დავაში ჩართულ სხვა მახარეებს, ხელი არ შეუშალონ სოციალური დიალოგის წარმატებით დასრულებას. ეს არის მნიშვნელოვანი საწარმოო დაწესებულება, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. რომელიც რისკის ქვეშ აყენებს არამხოლოდ კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს, ასევე ადგილობრივ ბაზარს, რადგან წარმოების დროულად არ ამოქმედების შემთხვევაში კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ვერ მიეწოდება მოსახლეობას.”-განმარტავს უწყება.
შეგახსენებთ, რომ აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხზე გამართული სამმხრივი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. დახურულ კარს მიღმა მსჯელობა თითქმის სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. რუსთავის აზოტის, პროფკავშირებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოლაპარაკებას უშედეგოდ ცდილობდნენ.
პროფკავშირები გათავისუფლებულების სამსახურში აღდგენას და მოქმედი 2 ათასი თანამშრომლის ხელშეკრულების გადახედვას ითხოვდა. აზოტის ქარხნის ხელმძღვანელობა კი გათავისუფლებულებს 3 თვის განმავლობაში 500-500 ლარის გადახდა შესთავაზა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტერიტორია კომენტარის გარეშე რუსთვის აზოტის წარმომადგენელმა დატოვა. სამუშაო შეხვედრის გამართვა უახლოეს მომავალშიც იგეგმება, პარალელურად, აქციების გამართვას გათავისუფლებული თანამშრომლები აპირებენ.