ეროვნულმა ბანკმა საკუთარ ვებ-გვერდზე სესხის გალარების კალკულატორი წარადგინა, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.
კალკულატორი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ბანკში მისვლის გარეშე დაითვალოს თუ რა თანხის გადახდა მოუწევთ სესხის გალარების შემთხვევაში.
კალკულატორში წარმოდგენილია მიმდინარე დღის კონვერტაციის კურსი (არსებულ კურსს გამოკლებული 20 თეთრი), ასევე კომერციული კურსი.
კალკულატორი მომხმარებელს სავალუტო რისკის დათვლის საშუალებასაც აძლევს, რაც ეროვნულ ბანკს 4%-ად აქვს შეფასებული:
“სავალუტო რისკის ფასი არის ის ხარჯი რომელსაც მომხმარებელი გაწევდა სავალუტო რისკის დაზღვევისთვის. სავალუტო რისკი წარმოიქმნება უცხოური ვალუტის კურსის ცვლებადობით. თუ მაგალითად დოლარი გამყარდა მაშინ მეტი ლარის გადახდა გვიწევს, თუ გაუფასურდა მაშინ პირიქით ნაკლები. სავალუტო რისკი ხან შემოსავლისა და ხან ზარალის გამომწვევია. სავალუტო რისკის შეფასებისთვის იდეალურ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს სვოპის განაკვეთი, თუმცა აღნიშნული ინსტრუმენტი საქართველოს ბაზარზე არ არსებობს. ამიტომ ამის ალტერნატივად შეგვიძლია გამოვიყენოთ დეპოზიტების საბაზრო განაკვეთების სხვაობა. მაგალითად თუ დღეს ლარის ერთწლიანი დეპოზიტის განაკვეთია 9% და დოლარის 3%, მაშინ დოლარი/ლარის სავალუტო რისკია მიახლოებით 6%.
სესხის აღებისას ასევე უნდა გაითვალისწინოთ საპროცენტო რისკი, თუ სესხი გაქვთ ცვლადი საპროცენტო განაკვეთით. დოლარის სესხის პროცენტი შეიცვლება ლიბორის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია აშშ-ს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. ლარის მცურავი განაკვეთის სესხები, როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. ასევე გასათვალისწინებელია დოლარის ლიბორის განაკვთი მის ნეიტრალურ დონეზე დაბლაა და ზრდის მეტი რისკია, ლარის რეფინანსირების განაკვეთი კი მის ნეიტრალურ დონეზე ზემოთ არის და გრძელვადიან პერიოდში მოსალოდნელია რომ საშუალოდ უფრო მცირე იყოს ვიდრე დღეს არის”, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.