უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ვახტანგ მაისაია, გუშინ ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციაზე კენჭისყრისას ბრიტანელი პარლამენტარის, სტივენ ვულფის გამოსვლას ეხმაურება და ამბობს, რომ დეპუტატი საქართველოდან შეცდომაში შეიყვანეს და მისი ინტერვიუ, რომელიც გაზეთ „რეზონანსში“ 2016 წლის 22 ივნისს დაიბეჭდა, სადაც „ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან მომავალ საფრთხეზე საუბრობს, დამახინჯებული კონტექსით წააკითხეს.
მაისაიას აზრით, შინაარსი კონტექსიდან სპეციალურად იქნა ამოგლეჯილი და პარლამენტარს საქართველოდან ხელისუფლების მიზანმიმართული დისკრედიტაციისთვის მიაწოდეს.
მაისაიას თქმით, ამ სტატიის ევროპარლამენტში მოხვედრა, როგორც „ნაციონაური მოძრაობის“ წევრებს ასევე ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებსაც აწყობდათ. მაისაია მათკენ იშვერს ხელს და აცხადებს, რომ საქართველოსთან ერთად ისინი პირადად მის დისკრედიტაციას ცდილობდნენ. მისი თქმით, ბრიტანელმა დეპუტატმა გამოსვლისას სწორედ იმ სამ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ბრალს სდებს. ეს არის ტერორიზმი, ორგანული დანაშაული და სამართლის არაღსრულება.
„ევროპარლამენტში ჩემი ინტერვიუს წაღება, ორ ძირითად მიზანს ემსახურებოდა. ერთი ის, რომ ხელისუფლების დისკრედიტაცია მომხდარიყო და საერთაშორისო ასპარეზზე მისი იმიჯი შელახულიყო. მეორე კი – ჩემი სახელის შელახვა.
ეს ადამიანები საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სანაცვლოდ, ქვეყანასაც არ დაინდობენ. მათი მთავარი მიზანი ხელისუფლებაში დაბრუნებაა და ამისთვის ყველა საშუალებას გამოიყენებენ. ეს სტატია სტივენ ვულფამდე მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებს შეეძლოთ მიეტანათ“, – ამბობს მაისაია.
შეგახსენებთ, რომ საუბარი ვახტანგ მაისაიას ინტერვიუზეა, რომელიც გაზეთში 2016 წლის 22 ივნისს დაიბეჭდა და სადაც ის „ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან მომავალ საფრთხეზე საუბრობს. კერძოდ, თითქოს ტერორისტული ორგანიზაცია სპეციალურ 600-700-კაციან ჯგუფს ქმნის, რომელიც აპირებს, რომ საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებით განახორციელოს.
ექსპერტი სტატიაში მათი საქმინობის არეალად, – ცენტრალური აზიიდან დაწყებული, ამერიკით დამთავრებულ ქვეყნებს ასახელებს და მათ შორის საქართველოსაც გულისხმობს.
თუმცა ბ-ნმა ვულფმა საქართველოს საკითხის განხილვისას ამაზე ისაუბრა, როგორც მომხდარ ფაქტზე და არა როგორც ექსპერტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე; ამასთანავე, თქვა, თითქოს ყველა ეს „600-700 ტერორისტი” ევროპაში საქართველოდან შედის.
როგორც მაისაიამ „მეტრონომს“ უთხრა, გასაკვირია, 2016 წლის ზაფხულის ამბების ახლა აფიშირება, მითუმეტეს, როცა იმ ჯგუფის ლიდერის, რომელზეც ის საუბრობდა, ლიკვიდაცია იმავე პერიოდში მოხდა და თემამ აქტუალობა დაკარგა.