ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ ევროკავშრის ქვეყნებთან“: რას გეგმავს შსს ვიზალიბერალიზაციის შემდეგ

„ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ ევროკავშრის თითქმის ყველა ქვეყანასთან დანაშაულის კუთხით“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ არათუ გეგმა გვაქვს, არამედ უკვე მოქმედებაში ვართ და მინდა გითხრათ, რომ ვიზალიბერალიზაციის კონტექსტში, ნულიდან დავიწყეთ ურთიერთობების გაღრმავება და დალაგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროებთან. ვიზალიბერალიზაციის პროცესის პარალელურად, თითქმის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ქართული დიასპორაა და ქართველი ემიგრანტები ჩადიან, პოლიციის ატაშე გვყავს, ასევე გვაქვს ძალიან მაღალი დონის და ღრმა თანამშრომლობა. შემიძლია გითხრათ, რომ თუ სადმე ხორციელდება წარმატებული ოპერაცია, თითქმის ყველა ასეთ ფორმატში ჩვენ ჩართული ვართ. გარდა ამისა, ურთიერთობა და კომუნიკაცია გვაქვს და კომპლექსურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ორგანიზებული დანაშაული არ გახდეს რაიმე პრობლემა და ამან არ გაართულოს ვითარება. ამიტომ, რა თქმა უნდა ეს ევროპარლამენტის წევრის მოსაზრებაა და ეს მისი უფლებაა, მაგრამ რეალური ვითარებაა ის, რასაც ჩვენი კოლეგები გვეუბნებიან. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ ევროკავშრის თითქმის ყველა ქვეყანასთან დანაშაულის კუთხით“- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება კითხვას, – ხომ არ იგეგმება საზღვრის კონტროლის გამკაცრება ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ თავად ევროკავშირი საქართველოს ეხმარება, რომ ჩვენი საზღვრები უკეთ იყოს დაცული.

შეგახსენებთ, დღეს ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზიის შემოღების საკითხს მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც ესწრებოდა, საკითხს კენჭი უყარეს. ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარი ევროპარლამენტის 647 წევრიდან 553-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ 66 დეპუტატი წავიდა, ხოლო ხმის მიცემისგან თავი 28 დეპუტატმა შეიკავა.

 

იტვირთბა....