საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიაში სამკრნალოდ გაემგზავრა. როგორც ჟურნალისტებთან საუბარისას საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ცისანა შარტავამ განაცხადა, პატრიარქს შესაძლოა გერმანიაში ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდეს. მისი თქმით, გერმანიაში უწმინდესის გამგზავრება ისედაც დაგეგმილი იყო, თუმცა სამი დღის წინ „ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამოვლენილმა ეპიზოდმა“ გადაწყვეტილების მიღება დააჩქარა.
კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.
”პატრიარქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას ჩივილები არ აქვს, მაგრამ სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. დეკემბერში გრიპის ვირუსის შემდეგ, ნაღველკენჭოვანი დაავადება და ნაღვლის ბუშტის ანთება გამოიკვეთა.
მაშინ ყველაფერი სასიკეთოდ დამთავრდა, მაგრამ სამი დღის წინ მას დაბალი სიცხე ჰქონდა. ხოლო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ნაღვლის ბუშტის ანთებითი პროცესი გამწვავდა და მდგომარეობა შასაძლოა უფრო გართულდეს, ამიტომ სპეციალისტებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ გამოკვლევა და სავარაუდო სამედიცინო ჩარევა, რომელიც შესაძლოა ქირურგიულიც იყოს, მოხდეს არა აქ, არამედ გერმანიაში, იმ კლინიკაში, სადაც მას ადრეც ელოდებოდნენ”, – განაცხადა ცისანა შარტავამ.