EU Investments-ის გენერალური დირექტორი ეფრემ ურუმაშვილი ბრალდებებს პასუხობს. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარკვეული დაინტერესებული პირების მხრიდან არ წყდება უსაფუძვლო და არასწორი ბრალდებები და უპირობო მოთხოვნების წაყენება, რაც ზიანს აყენებს ქარხნის დროულად ამუშავების პერსპექტივას და ზიანს აყენებს ყველა იქ დასაქმებულს.
”EU Investments კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კომპანიის მიერ მოხდა შპს „რუსთავის აზოტის“ 2000-ზე მეტ თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მათი სოციალური და სახელფასო უზრუნველყოფის მიზნით, რათა ქარხნის ამუშავებამდე პერიოდში არ მომხდარიყო მათ სახელფასო ანაზღაურებაში წყვეტა. იმ პირობებში, როდესაც ქარხანა არ ფუნქციონირებს და უწევს ურთულეს ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება, კომპანიის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ადასტურებს სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ დონეს. ამასთანავე, კომპანიამ დაადასტურა მზადყოფნა, ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემდგომ პრიორიტეტულად დაასაქმოს ქარხნის დანარჩენი მუშა-მოსამსახურეებიც, რომლებიც კომპანიის ინფორმაციით დღემდე ირიცხებიან ქარხნის ყოფილი მესაკუთრის თანამშრომლებად.
სამწუხაროდ, ნაცვლად ამ საკითხის ობიექტური აღქმისა და კონსტრუქციული დიალოგისა, გარკვეული დაინტერესებული პირების მხრიდან არ წყდება უსაფუძვლო და არასწორი ბრალდებები და უპირობო მოთხოვნების წაყენება, რაც ზიანს აყენებს ქარხნის დროულად ამუშავების პერსპექტივას და პირველ რიგში, ზიანს აყენებს ყველა იქ დასაქმებულს. რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, აშკარაა საკითხის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენის მცდელობა”, – აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ EU Investments-მა ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ქარხანა ჩაიბარა სამართავად და იტვირთა დიდი პასუხისმგებლობა მუშა-მოსამსახურეთა უდიდესი ნაწილის მიმართ, კომპანიამ ნებაყოფლობით და ცალმხრივად აიღო დამატებით ვალდებულება რამდენიმე საკითხზე.
კერძოდ, ურუმაშვილის მტკიცებით, გამოთხოვილ იქნა იმ თანამშრომელთა სია, რომელთა დასაქმებაც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა EU Investments-ის მიერ; მომდევნო 3 თვის განმავლობაში კომპანია თავის თავზე აიღებს ქარხნის ყოფილი თანამშრომლების ყველა მოწყვლადი ნაწილის – მუშა-მოსამსახურეების სოციალურ დაცვას და უზრუნველყოფს ფინანსური დახმარების გაცემას თითოეულ მათგანზე თვეში 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული კომპენსაცია გაიცემა მიუხედავად იმისა, გააგრძელებს თუ არა ქარხნის ყოფილი მესაკუთრე მათთვის ხელფასების ან/და სხვა კომპენსაციის გადახდას; არაუგვიანეს მომდევნო კვირის ორშაბათიდან კომპანიის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მუშა-მოსამსახურეებს და მათთან გააფორმებს შეთანხმებებს ზემოაღნიშნული დახმარებების გაცემის მიზნით; როგორც უკვე არაერთგზის იქნა აღნიშნული, ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემთხვევაში, დასაქმებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ პირებს, რომელთა სამსახურში აყვანაც ვერ მოხერხდა ამ ეტაპზე.