ექსპერტები თავდაცვის უწყებაში დაწყებულ ოპტიმიზაციაზე „მეტრონომთან“ საუბრობენ
თავდაცვის სამინისტროში დაწყებული ოპტიმიზაცია თუ შეიარაღებული არმიის სოციალურ ინსტიტუდად ქცევის მცდელობა. ასეთ შეფასებებს „მეტრონომთან“ საუბრისას უსაფრთხოების და სამხედრო საკითხების სპეციალისტები აკეთებენ.
მათი აზრით, ჯარში ოპტიმიზაცია აუცილებელი იყო, თუმცა ეს პროცესი გამჭვირვალედ და ღიად უნდა ჩატარებულიყო. მათი აზრით, დაუშვებელია, რომ კვალიფიციური ოფიცრები ოპტიმიზაციის პროცესში პენსიაზე გადიან, ხოლო მათი ჩანაცვლება ახალბედა ოფიცრებით ხდება.
უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი და დოქტორი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ოპტიმიზაცია თავიდან კარგი იდეა იყო, მაგრამ ახლა უარყოფითი სახე მიიღო, რადგან პროცესი ჯანსაღად და გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს.
მისი თქმით, ამ ყველაფერს სისტემური მიდგომა არ აქვს და ეს ოპტიმიზაცია სპონტანურ სახეს იღებს, სადაც სამსახურიდან წამსვლელთა რიცხვში შესაძლოა ისეთი პროფესიონალები და კვალიფიციური კადრები მოხვდნენ, რომელთა თავდაცვის სამინისტროდან წასვლამ ჯარს სერიოზული ზიანი მიაყენოს.
მაისაიას განცხადებით, ეს არის არაპროფესიონალების მიერ დაგეგმილი და გამხორციელებული რეფორმა, რომელიც ქართული ჯარის დასუსტებას გამოიწვევს. მისი თქმით, გადაწყვეტილებებს ის ადამიანები იღებენ, რომლებსაც ჯართან შეხება არასდროს ჰქონიათ.
„გასაკვირი იყო თავდაცვის სამინისტროს პოზიცია, როდესაც მათ ხმამაღლა განაცხადეს, რომ ჯარის ბიუჯეტის დიდი ნაწილი სოციალურ ხარჯებზე და სამოქალაქო პირების ხელფასებზე მიდის. გამოდის, რომ ჩვენი ჯარი ლათინო-ამერიკული მოდელის ყოფილა, სადაც თანხების დიდი ნაწილი სოციალურ ხარჯებზე ნაწილდება.
ჩვენი შეიარაღებული არმია, სოციალური ინსტიტუტი ყოფილა, რომლითაც ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესების მიღწევას ვერ შევძლებთ. შენი ქვეყნის ტეროტორიის 20% როდესაც ოკუპირებულია, თავდაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტრომდე დაიყვანა არ შეიძლება.
დაუშვებელია ერთი ხელის მოსმით 40%-იანი კადრების შემცირება მოახდინო. ვინ წყვეტს იქ პროფესიონალი კადრი თავისუფლდება თუ არაპროფესიონალი? კვალიფიციურ და გამოცდილ ოფიცრებს პენსიაზე, რომ უშვებენ და მათ მაგივრად ახალგაზრდა გამოუცდელი კადრები მოგყავს ეს ლოგიკასთან საერთოდ ახლოს არის?“ – ამბობს მაისაია
სამხედრო ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „მეტრონომთან“ საუბარში ამბობს, რომ ქართულ ჯარში ცვლილებების დაწყება და გადახალისება აუცილებელი იყო.
მისი თქმით, სამხედრო ბიუჯეტის 73%-ი ხელფასებზე და სხვადასხვა სოციალური სახის ხარჯებზე ნაწილდება, რაც გამოდის რომ საბრძოლო დანაყოფების მომზადებისთვის საკმარისი ხარჯები აღარ რჩება.
ექსპერტის თქმით, ბიუჯეტში დარჩენილი თანხით ახალი შეიარაღების შესყიდვა კი არა, ძველის კაპიტალური რემონტიც კი შეუძლებელი იქნება. ამიტომაც, ალადაშვილის აზრით, ამ პრობლემებმა თავდაცვის სამინისტრო ოპტიმიზაციის აუცილებლობის წინაშე დააყენა.
„ოპტიმიზაციის პროცესი თავდაცვის სამინისტროში და ასევე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დიდი ხანია რაც დასაწყები იყო. სამინისტროში ხელოვნურად გაბერილი კადრებია, სადაც ხელფასების დიდი ნაწილი სამოქალაქო პირებზე ნაწილდება.
ეს კი ჯარის საბრძოლო მომზადებას და აღჭურვილობის შეძენას ხელს უშლის. თავდაცვის ბიუჯეტის დიდი ნაწილი თუ სამოქალაქო პირების ხელფასებზე გადანაწილდება, გამოვა, რომ ჯარში საჭირო შეიარაღების შესყიდვას კი არა, არსებულის კაპიტალურ რემონტსაც ვეღარ შევძლებთ.
ბოლო წლებში თავდაცვის მინისტრების ხშირმა შეცვლამ და ახალი გუნდის მოსვლამ განაპირობა ის, რომ შტატები საკმაოდ გაიზარდა. პირველ რიგში ეს ეხება სამოქალაქო პირებს. აქედან გამომდინარე სამხედრო ბიუჯეტის 73%-ი მაინც ხელფასებსა და სხვა სოციალურ უზრუნველყოფაზე მიდიოდა, მაშინ როდესაც უშუალოდ სამხედრო მომზადებისთვის მცირე თანხები რჩებოდა.
ეს ხდება იმიტომ, რომ ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი უშუალოდ სამხედრო მომზადების სფეროს მოხმარდეს, მაგრამ აუცილებელია, რომ უწყებიდან გათავისუფლებული პირები ხელისუფლებამ სხვა მიმართულებით დაასაქმოს, ვინაიდან მათ უკან ოჯახები დგანან“, – განაცხადა ალადაშვილმა „მეტრონომთან“ საუბრისას.
მისი თქმით, აღნიშნული ოპტიმიზაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე უარყოფითად არ იმოქმედებს, რადგანაც გათავისუფლებულების უმეტესობა მაინც სამოქალაქო პირია .
ალადაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი მისი საბრძოლო მოქმედებებია და არა ის, სამინისტროში რამდენი ადამიანი მსახურობს. თუმცა სამხედრო ჟურნალის რედაქტორი ფიქრობს, რომ ოპტიმიზაცია ობიექტური განხილვის შედეგად უნდა მოხდეს, რათა ვინმეს უფლებები არ დაირღვეს.
ელზა პაპოშვილი