ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მაქვს ეჭვი, დივერსიას ჰქონდა ადგილი”: რა მოხდა “ბავშვთა სამყაროში”

სავაჭრო ცენტრ ”ბავშვთა სამყაროს” დირექტორი გიორგი მაჭავარიანი ეჭვობს, რომ შენობაში ხანძარი დივერსიული აქტის შედეგად გაჩნდა, –  ამის შესახებ მაჭავარიანმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.

როგორც გიორგი მაჭავარიანმა აღნიშნა, მაღაზიის დაკეტვის შემდეგ შენობაში ელექტროენერგია ითიშებოდა და, შესაბამისად, არავითარი კერა არ არსებობდა, რომ ”ბავშვთა სამყაროში” ხანძარი გაჩენილიყო.

”დარწმუნებული ვარ, ჩვენი მხრიდან ხანძარი არ გაჩენილა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც ახალი აქციონერები მოვედით ”ბავშვთა სამყაროში”, ვცდილობთ მის განვითარებას. 3 წელია ვარემონტებ „ბავშვთა სამყაროს“ და დაახლოებით მილიონნახევარი მაქვს დახარჯული ამაში. ათასი ვერსია წამოვიდა ხანძრის შემდეგ, რომ ვითომ სპეციალურად დაწვეს, ასე ქნეს, ისე ქნეს, მაგრამ რაც სიმართლეა, ის არ დაიმალება. ჩვენ ელექტროენერგიას ვთიშავთ, როდესაც იკეტება მაღაზია. ძალიან გაურკვეველი რაღაც მოხდა. თავიდან არც გვქონდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება რაღაც მიზანმიმართული ყოფილიყო, რადგან ამას ვერც დავუშვებდით. ჩვენ მტერი არ გვყავს, მაგრამ ახლა რაღაცები იკვეთება და ცოტა ეჭვები გვაქვს. ამხელა ხანძარი რომ გაჩნდა, მაქვს ეჭვი, რომ რაღაც დივერსიას ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.

მისი თქმით, შენობაში უსაფრთხოების სისტემა დამონტაჟებული იყო. გიორგი მაჭავარიანის ინფორმაციით, თავდაპირველად ხანძარი არა ”ოქროს სამყაროში”, არამედ მასთან ახლოს მდებარე მაღაზიაში გაჩნდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში” ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ის მთლიანად დაიწვა.

იტვირთბა....