ბათუმში გარდაცვლილი დედა-შვილი ექსპერტიზაზე გვიან ღამით გადაასვენეს. ინასარიძის ქუჩის 14 ნომერში სამი სააათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
მეზობლების და ნათესავების ინფორმაციის თანახმად, გარდაცვალების სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი ვერსია გაყინვაა, თუმცა ისინი ასევე აცხადებენ, რომ 50 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, 75 წლის ქალბატონი კი ასევე მძიმედ ავადმყოფობდა.
“რომ ჩართეს ეხლა შუქი პლიტა ჩაირთო, ჩვენ მოვუტანეთ პლიტა მე და ჩემმა მეუღლემ, გაყინულები არ არიან. ჩემი ვერსია არის, რომ დიდი ხნის ავადმყოფი იყო ეს ბიჭი და რომ გარდაიცვალა დედამისი წამოდგა და კარებთან წაიქცა,”-აცხადებს გარდაცვლილების ერთ-ერთი ნათესავი ნუნუ ჩხაიძე “რუსთავი 2-თან”.
შეგახსენებთ, ინფორმაცია დედა-შვილის გარდაცვალების შესახებ გუშინ საღამოს გავრცელდა. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.