ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონზე მომუშავე ჯგუფი, არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება „ეს შენ გეხებას“ წევრებმა დატოვეს.
მათ მიზეზად გუშინ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი დაასახელეს, რომელიც ახალი საზედამხედველო ორგანოს შექმნას ითვალისწინებს.
სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ახალი მოდელი არსებულ პრობლემას ვერ აგვარებს და მისი მიღებით ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს განკარგულება – კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა სრულდება.
მათი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონის ახალი მოდელით ე.წ. გასაღებზე კონტროლი კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რჩება.
„ეს შენ გეხება“ გავრცელებულ განცხადებაში, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანონპროექტიდან რამდენიმე ფუნდამენტურ პრობლემას გამოყოფს და აცხადებს, რომ მსგავსი მოდელის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი უგულებელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც ქვეყანაში არსებული კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.
„სააგენტოს დამოუკიდებლობა – როგორც აღინიშნა, სააგენტო უნდა შეიქმნას უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში და მისი ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა/თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს უშუალოდ წარმართავს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ეს უკანასკნელი ამტკიცებს სამსახურის შიდამარეგულირებელ აქტებსაც და ახორციელებს სამსახურზე უშუალო სამსახურებრივ კონტროლს;
სააგენტოს კომპეტენცია – კანონპროექტის თანახმად, სააგენტო დაუბალანსებლად დიდი კომპეტენციით სარგებლობს. ის თავად ქმნის, იყენებს და აკონტროლებს საკუთარი მოვალეობებისთვის აუცილებელ პროგრამულ და ტექნიკურ საშუალებებს, კონკრეტულ ვალდებულებებს აკისრებს კერძო პროვაიდერებს, შეუძლია აუდიტის დანიშვნა კერძო კომპანიებში და შესაბამისი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი დაჯარიმება. ამავდროულად, სააგენტო არამარტო სერვისის სახით, ტექნიკურად ახორციელებს ფარულ მოსმენებს თუ ელექტრონული კომუნიკაციების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დამუშავებას, არამედ ის უშუალოდ ახორციელებს ისეთ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს, როგორიცაა ფარული აუციო-ვიდეო ჩაწერა და სხვა. შესაბამისად, სააგენტოს სახით იქმნება არა სერვისის მიმწოდებელი ორგანო, არამედ დიდი ძალაუფლებითა და უფლებამოსილებით აღჭურვილი სამსახური, რომელიც ამავდროულად ექსკლუზიურად სარგებლობს რიგი უფლებამოსილებებით და მას კვლავაც დარჩება პირდაპირი წვდომა მოქალაქეთა პირად ინფორმაციაზე, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.
სამსახურის კონტროლის მექანიზმი – წარმოდგენილი კანონპროექტი რამდენიმე სუბიექტს აკისრებს სააგენტოზე სხვადასხვა მოცულობის კონტროლის უფლება-მოვალეობას, თუმცა არც ერთი მათგანი არაა საკმარისი ასეთი დიდი ძალაუფლების მქონე სამსახურის ეფექტური ზედამხედველობისთვის. როგორც აღინიშნა, სააგენტო ერთი მხრივ ახორციელებს ოპერატიულ საქმიანობას, მეორე მხრივ კი თავადვე ქმნის, შეიძენს და იცავს საჭირო პროგრამულ თუ ტექნიკურ აღჭურვილობას. ამავდროულად, ის თავად არის კერძო სუბიექტების მაკონტროლებელი და შეუძლია მათ მიმართ კონკრეტული სანქციების გამოყენება. ამგვარი დიდი ძალაუფლება კი ვერ ბალანსდება კანონპროექტით წარმოდგენილი მაკონტროლებელი მექანიზმებით, მათ შორის ნდობის ჯგუფის სახეცვლილი მანდატით,” – ნათქვამია განცხადებაში.
კამპანია მოუწოდებს საკანონდებლო ორგანოს, პატივი სცეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაყვეტილებას.
შეგახსენებთ, ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი კანონის კომენტირებისას განაცხადა. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გამოიყოფა ცალკე და გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ქვეყანას ამით ექნება სისტემა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას. ახალი სსიპ-ი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეიქმნება.