კვამლი ცეცხლის გარეშე არ ჩნდება
თბილისში გვიან ღამით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ბავშვთა სამყაროს“ შენობა და ახლოს მდებარე სავაჭრო ზონა მთლიანად დაიწვა. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ცეცხლი ღამის 3საათზე გაჩნდა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია, მაგრამ სახანძრო ბრიგადები ადგილზე რჩებიან.
მოვაჭრეების განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ასევე დაუდგენელია ზარალი, თუმცა, სავარაუდოდ მისი ოდენობა დიდია. სავაჭრო ობიექტების დაწვის ეს პირველი შემთხვევა არ არის და საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში არაერთი მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც სავაჭრო და გასართობი ობიექტები დაიწვა:
1 – ხანძარი ლილოს ბაზრობაზე – 2012 წლის 15 ნოემბერს ლილოს ბაზრობის ტერიტორია დაიწვა. განადგურდა, დაახლოებით, 30-მდე საბაჭრო ობიექტი
2 – ხანძარი სავაჭრო ცენტრ “საბაში” – 2013 წლის 26 თებერვალს გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 5 000-7 000 კვ.მ. ფართობი დაიწვა.
3 – ხანძრის შედეგად დამწვარი ევროპარკი თბილისში 2013 წლის 16 ივლისს გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი შენობა დაიწვა
4 – ხანძარი სენაკის ბაზრობაზე – 2014 წლის 25 აგვისტოს გაჩენილმა ხანძარმა 3 ათას კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია გაანადგურა, დაიწვა დაახლოებით, 250-მდე მოვაჭრის საქონელი.
5 – ხანძარი ბოშათა ბაზრობაზე – 2014 წლის 16 სექტემბერს, სადგურის მოედანზე ე.წ. „ბოშათა ბაზრობა“ დაიწვა, ხანძრის შედეგად დაახლოებით, 2 500 კვ.მ ფართობი დაიწვა.
6 – ხანძარი ხოფას ბაზრობაზე – 2014 წლის 7 დეკემბერს ბათუმში ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაშავდა 2 მოვაჭრე.
7 – ხანძარი ელიავას ბაზრობა – 2014 წლის 27 დეკემბერს ელივას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ბაზრობის ნაწილი დაიწვა.
8 – ხანძარი ისნის ბაზრობაზე – 2015 წლის 21 იანვარს ისნის ბაზრობას ცეცხლი მოედო, რის შედეგადაც 15-მდე მაღაზია დაიწვა.
9 – ხანძარი ელიავას ბაზრობაზე – 2015 წლის 4 აგვსიტოს ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საღებავების საწყობს გაუჩნდა.
10 – ხანძარი შავ ბაზრობაზე – 2016 წლის 2 აგვსიტოს ზესტაფონის ბაზარში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, თითქმის მთელი ბაზრობა დაიწვა.
11 – ხანძარი ბავშვთა სამყაროს შენობაში – ცეცხლი მთელ შენობას მოედო და ის მთლიანად დამწვარია. ათეულობით ადამიანი დაზარალდა.
ყველა შემთხვევის დროს, სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები თუ მესაკუთრეები ამბობდნენ, რომ ხანძრის გაჩენა განგებ მოხდა და ეს უბედური შემთხვევა არ ყოფილა. მოვაჭრეები ახლაც ამბობენ, რომ არსებობდა და არსებობს ეჭვები, რომ ეს კრიმინალური შემთხვევები იყო, რომელიც კერძო პირების გარკვეულ ინტერესებს უკავშირდებოდა.
იგივე ბრალდებები ახლაც „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე დასაქმებული მოიჯარეების მხრიდანაც ისმის. მოვაჭრეების ნაწილი ვარაუდობს, რომ ცეცხლი განზრახ არის გაჩენილი.
ერთ-ერთი მოვაჭრის განცხადებით, ადგილზე “კარფურის” მსგავსი ცენტრი უნდა აშენებულიყო. მისივე ინფორმაციით, აუქციონზე იყო ტერიტორია გატანილი და გაიყიდა. გამოითქვა ეჭვიც, რომ ამ ტერიტორიით „ელიტ ელექტრონიქსი“ იყო დაინტერესებული.
„ბავშვთა სამყაროს” ხელმძღვანელი გიორგი მაჭავარიანი “მეტრონომთან” საუბარში მოვაჭრეების ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მათ ობიექტი არც გაუყიდიათ და არც გასაყიდად აქვთ გატანილი.
მისი თქმით, აბსურდია ასევე ის ბრალდებაც, რომ სავაჭრო ცენტრის შესყიდვით “კარფური” ან “ელიტ ელექტრონიქსი” ყოფილიყო დაინტერესებული.
მაჭავარიიანის ინფორმაციით, მათ პირიქით ობიექტის გაკეთება და გაუმჯობესება სურდათ. ის ამბობს, რომ სავაჭრო ცენტრი 6 მილიონად არის დაზღვეული. ხოლო მომხდარ ფაქტს უბედურ შემთხვევად აფასებს.
შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
„მეტრონომი“ სხვა სავაჭრო ობიექტების შემთხვევებითაც დაინტერესდა და იმ ადამიანებს ესაუბრა, რომლებიც ამ ობიექტებზე მუშაობდნენ.
ხანძარი სავაჭრო ცენტრ ”საბაში” 2013 წლის 26 თებერვალს, საღამოს 9 საათისთვის გაჩნდა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამ გამოიწვია ძლიერი ხანძარი, რომელმაც 35 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენებული სავაჭრო ცენტრის 6000 კვადრატული მეტრი ფართობი მთლიანად გაანადგურა, დაიწვა 100-მდე მაღაზია და დაზარალდა 200-ზე მეტი მოვაჭრე.
სავაჭრო ცენტრ ”საბას” მეპატრონე პაატა კაჭარავა დღესაც „მეტრონომთან“ საუბარში გამორიცხავს რაიმე ტიპის ტექნიკურ გაუმართაობას, რასაც შეიძლებოდა ხანძარი გამოეწვია.
მისი თქმით, გამორიცხულია ხანძრის მიზეზი ყოფილიყო მოკლე ჩართვა, რადგან 7 საათისათვის, როდესაც სავაჭრო ცენტრი იკეტებოდა, ცენტრის ტერიტორიაზე პარალელურად ელექტროენერგიაც ითიშება.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ხანძარი ხელოვნურად უნდა იყოს გამოწვეული. სხვა ეჭვი არ გვაქვს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა დღემდე არ გვაქვს ინფორმაცია შემთხვევის ფაქტზე არის თუ არა ვინმე დაკავებული ან დამნაშავე გამოვლენილი“, – ამბობს პაატა კაჭარავა.
იგივე ეჭვები დღესაც დამწვარი “ბოშების ბაზრობის” მოვაჭრეების ნაწილს აქვს. ბაზრობას ცეცხლი 2014 წლის 16 თემერვალს გაუჩნდა. მოვაჭრეები „მეტრონომთან“ საუბარში ყვებან, რომ მაშინ ბაზრობის ტერიტორიის გასხვისება იგეგმებოდა და ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინეს.
ისინი ამბობენ, რომ მაშინ ადგილზე დამწვარი ნივთების ნაცარიც კი ვერ ნახეს, რადგანაც ხანძრის გაჩენამდე საქონელი მოიპარეს.
როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ბაზრობის ტერიტორიაზე ღამის საათებში ელექტროენერგია ყოველთვის ითიშებოდა, ამიტომ ამ მიზეზით ხანძრის გამოწვევას გამორიცხავენ.
მათი ინფორმაციით, ტერიტორიაზე მაშინ ტრაილერების ავტოსადგომი უნდა განთავსებულიყო. ერთ-ერთი ვერსიით, ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის, ასევე ჰიპერმარკეტ “კარფურის” მშენებლობა იგეგმებოდა. მოვაჭრეები გამოძიებას და ზარალის ანაზღაურებას დღემდე უშედეგოდ ითხოვენ.
„ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჩვენთვის დღემდე უცნობია. გაუგებარია როგორ შეიძლება ელექტროენერგიიდან ცეცხლი გაჩნდეს, როდესაც ის გამორთული იყო. ჩვენ მაშინ ყველას ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ეს მიზანმიმართული დანაშაული იყო.
ჭორები ვრცელდებოდა, რომ ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის „კარფურის“ მშენებლობა იგეგმებოდა. ასევე იმასაც ამბობდნენ, რომ შესაძლოა მაღალსართულიანი კორპუსი აშენებულიყო. ბოლოს, ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ საწყალი მოვაჭრეები დაზარალდნენ, რომლებსაც იმ დროს აღებული ბანკის ვალები დღემდე მოჰყვება. არავის არანაირი ზარალი ჩვენთვის არ აუნაზღაურებია“, – ამბობს „მეტრონომთან“ საუბარში ე.წ. „ბოშების ბაზრობის“ მოვაჭრე ზაირა დევდარიანი.
იგივეს ყვებიან „მეტრონომთან“ საუბარში ე.წ. კიროვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ნაწილი. მათი აზრით, ცეცხლი ქარხნის შენობაში განზრახ გააჩინეს.
როგორც ერთ-ერთი დაზარალებული კობა ხაჩიძე ამბობს, ყველა საამქროში, რომელიც ქარხნის ტერიტორიაზე იყო განთავსებული, სამუშაო დღის ბოლოს ელექტროენერგია ჩამრთველიდან ითიშებოდა და სადენები ხანძრის გაჩენის მიზეზი ვერ გახდებოდა.
კობა ხაჩიძე აცხადებს, რომ პირადად მას შენობაში ორი საამქრო ჰქონდა. მისი თქმით, ძვირადღირებული დანადგარი და ინვენტარი დაიწვა. დაზარალებული აცხადებს, რომ პირადად მას დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის ზარალი მიადგა, თუმცა ეს ზარალი არავის აუნაზღაურებია.
სადგურის მოედანზე, ტანსაცმლის ბაზრობის მოვაჭრეებს ამ დრომდე არც ზარალი ანაზღაურებიათ და რამდენიმე მათგანს არც ალტერნატიული სავაჭრო ადგილი აქვს მიღებული.
ქეთევან ვერულაშვილის თქმით, სადაც მას სავაჭრო ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციამ ავტოსადგომის განთავსება გადაწყვიტა, მათ კი ტერიტორიის დაცლა მოსთხოვეს და იქ მუშაობის საშუალება აღარ მისცეს.
მაშინაც “ბავშვთა სამყაროს” დირექტორი გიორგი მაჭავარიანი დაზარალებულებს ჰპირდებოდა, რომ ალტერნატიულ ფართებს მალევე შესთავაზებდა, თუმცა იმის გამო, რომ გარევაჭრობიდან მეტი შემოსავალი ჰქონდათ, მოვაჭრეებმა ალტერნატიულ ფართზე უარი განაცხადეს. ბაზრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შეთავაზებებს მოვაჭრეები არ უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ იმ თანხების გადახდა, რასაც ადმინისტრაცია მათ ყოველთვიურად უწესებდა, წარმოუდგენელი იყო.
„ბაზრის ტერიტორიის დაწვა ძალიან საეჭვო ვითარებაში მოხდა. მაშინვე გაჩნდა ეჭვები, რომ ადმინისტრაციას აქ კერძო ინტერესები ჰქონდა და ჩვენი თავიდან მოშორება სურდა. ეს ეჭვი მას შემდეგ დადასტურდა, რაც ბაზრის დაწვის შემდეგ, ამ ტერიტორიაზე ავტოსადგომი გაჩნდა. არც გამოძიების მიმდინარეობა ვიცით და არც ჩვენი ზარალის ანაზღაურება მომხდარა“ – ამბობს ქეთევან ვერულაშვილი.
ვის რა ინტერესები აქვს, ან ჰქონდა დამწვარ ობიექტებზე მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, თუკი ათეულობით დაზარალებულის კომენტარებს და პოზიციებს დავეყრდნობით, ერთი შეიძლება ითქვას, რომ კვამლი ცეცხლის გარეშე არ ჩნდება.
ელზა პაპოშვილი