საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს და 31 იანვრამდე დარჩება.
იაგლანდი საქართველოს პრეზიდენტს , პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდება.
მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრი და გენერალური მდივანი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ საქართველო-ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხებს, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას დაეთმობა.
მხარეები ასევე 2016-2019 წლებისთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმას განიხილავენ, რომელიც საქართველოში სამართლის უზენაესობას ითვალისწინებს, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და ნდობის აღდგენის პროცესის ეფექტურ განხორციელებას.