თბილისში რუსთავის აზოტის თანამშრომლების მხადამჭერი აქცია გაიმართა. მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიურ მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირის წარმომადგენლები ჟვანიას მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისისკენ გაემართნენ. აქციას სტუდენტური მოძრაობა მწვანე მუშტი შეუერთდა.
აქციის გამართვის მიზეზი კი რუსთავის აზოტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც მათ სამსახურიდან 350 თანამშრომლი გაუშვეს. თანამშრომლები ამბობენ, რომ ქარხნიდან კიდევ 700 ადამიანის გათავისუფლება იგეგმება.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი გათავისუფლება აზოტის ქარხნიდან, კანონის დარღვევით მოხდა.რაც შეეხება რუსთავის აზოტის ადმინისტრაციას, ისინი პირად განცხადებებში არ ადასტურებენ თანამშრომლების გათავისუფლებას და ამ ფაქტს, მხოლოდ ხელშეკრულების ახალ ეტაპს უკავშირებენ.