ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ინტერპოლს წერილით მივმართავთ და მოვითხოვთ, ქართველი სამხედროების წინაღმდეგ არ იქნას გამოცხადებული ძებნა-ზაზა ბიბილაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს დღეებში ინტერპოლს წერილით მიმართავს და მოითხოვს, რომ ქართველი სამხედროების წინააღმდეგ ძებნა არ იქნას გამოცხადებული და რუსეთის მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე მათი დევნა არ დაიწყოს. რადგან ყველა მსგავსი შემთხვევა პოლიტიკურია და ინტერპოლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ბიბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბიბილაშვილის თქმით, პარტია პარლამენტში ვიცე პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. მისივე განცხადებით, პარტია ხელისუფლებისგან იმ სამხედროების ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს, რომელთა მონაცემებიც რუსეთს გადაეცა. ის შიშობს, რომ გია ცერცვაძის მსგავსად რუსეთი სხვა ქართველ სამხედროებსაც ეძებს.

„ მადლობა მინდა გადავუხადო ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ იმისთვის, რომ ცერცვაძე დახსნილი ყოფილიყო პატიმრობისგან. ასევე, მადლობა უკრაინის ხელისუფლებას, რომლემაც ღირსეული ნაბიჯი გადადგა და თავისი მეომარი მტერ სახელმწიფოს არ გადასცა. მსგავსმა ფაქტებმა  სისტემური ხასიათი მიიღო, ამიტომაც გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი ცერცვაძის მსგასად არა ერთ ქართველ სამხედროს ეძებს.

ამიტომ გვსურს და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, გაასაჯაროოს ყველა იმ სამხედროს მონაცემები, სახელები და გვარები, რომელთა შესახებ ინფორმაცია გადაეცა რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირ, ან ირიბად.

ამის პარალელურად, ჩვენ უახლოეს დღეებში ინტერპოლს წერილით მივმართავთ და მოვითხოვთ, ქართველი სამხედროების წინაღმდეგ არ იქნას გამოცხადებული ძებნა, რადგან ყველა მსგავსი შემთხვევა პოლიტიკურია და ინტერპოლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

იტვირთბა....