„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურ მამუკა მამულაშვილთან
უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი „მეტრონომთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთმა ქართველ სამხედროებზე საერთაშორისო დევნა დაიწყო. მამულაშვილის თქმით, აროფიციალურად, რუსეთმა მისი დაკავების, ან ფიზიკური ლიკვიდაციის შემთხვევაში საკმაოდ დიდი ჯილდო დააწესა.
მამულაშვილი ამბობს, რომ ცერცვაძის შემთხვევის შემდეგ არცერთი ჯარისკაცი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, დაცული არ არის.
მამულაშვილის აზრით, რუსული სპეცსამსახურები როგორც საქართველოში, ასევე, უკრაინაში საკმაოდ კარგად მუშაობენ. ამიტომ, ის საქართველოს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ფიქრობს, რომ ჩვენმა ქვეყანამ ყველა სამხედრო პირის პირადი ინფორმაციის ასე ღიად გადაცემისკენ თავი უნდა შეიკავოს.
„მეტრონომი“: რას უკავშირებთ იმას, რომ სასამართლომ გია ცერცვაძე გუშინ პატიმრობაში დატოვა, ხოლო მოგვიანებით მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით მასზე ძიება შეწყდა და ის საპატიმროდან გაათავისუფლეს. შეიძლება ეს რუსეთის ზეგავლენის შედეგი ყოფილიყო?
მამუკა მამულაშვილი: ამ ფაქტს რუსეთის ზეგავლენას არ ვუკავშირებ. აქ უბრალოდ, პროკურატურასა და სასამართლოს შორის გაუგებრობა მოხდა. ეს იყო სუფთა ბიუროკრატიული მიზეზით განპირობებული შემთხვევა, რადგანაც მთავარმა პროკურორმა იური ლუცენკომ პირობა დადო, რომ გიას სასამართლოდან გაათავისუფლებდნენ, ეს მოსამართლემ სასამართლოზე ზეწოლად ჩათვალა და ამიტომ გიას პატიმრობაში დატოვება პროკურორის ჯიბრით გადაწყვიტა. ეს იყო ძალიან პრიმიტიული ქცევა, რომელიც მოსმართლემ პროკურორის ჯიბრით გააკეთა.
უკრაინელები ყველანაირად ცდილობენ , რომ დაგვეხმარონ და გვერდში დაგვიდგნენ. უბრალოდ, შიდა ბიუროკრატიამ შეუთანხმებლობა გამოიწვია და მოსამრთლემ გია გუშინ პატიმრობაში ამიტომ დატოვა. თუმცა, ყველაფერი მაინც კარგად დასრულდა და ეს პროკურორის ლუცენკოს დამსახურება იყო.
– თქვენ უკრაინის სამართალდამცავების მოქმედებამ არ დაგაეჭვათ? რატომ დასჭირდა პროკურატურას ამდენი დრო იმისთვის, რომ თქვენთან გადაემოწმებინა გია ცერცვაძე ნამდვილად იბრძვოდა თუ არა რუსეთ-უკრაინის ომში? ეს ხომ ძალაინ ადვილად დასადგენი იყო?
– უკრაინაში ვინც ცხოვრობს ყველამ იცის, რომ საჯარო ინსტანციაში დიდი ბიუროკრატიაა და აქ ასე ადვილად ვერაფერს არკვევენ. ყველაფერს დრო სჭირდება. სანამ გაიღვიძეს და განხილვა დაიწყეს გია ცერცვაძე ვინ იყო, ადამიანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.
– როგორ ფიქრობთ, საზღვრის გადაკვეთისას რატომ არ მოხდა მისი გაფრთხილება და დაკავება. თქვენც ფიქრობთ, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა ცერცვაძეზე ინფორმაცია საქართველოსგან მიიღეს?
– რა თქმა უნდა, რომ საქართველოს სპეცსამსახურების მიმართ ეჭვი გვაქვს. ინტერპოლის საერთო ბაზა არსებობს, სადაც ყველა ძებნილ ადამიანზე ინფორმაცია იდება. რატომ არ მოხდა მისი გაჩერება და გაფრთხილება? ჩვენმა სამართალდამცავებმა უბრალოდ ზედმეტი შარი თავიდან აიცილეს და ეს თავსატეხი უკრაინელებს მიუგდეს.
ქართველ სამართალდამცავებს ინტერპოლისთვის უნდა ეკითხათ და გაერკვიათ, ვიცე პოლკოვნიკის პირად მონაცემებს რატომ და ვისთვის ითხოვდნენ. ელემენტარულად უნდა გაერკვია, ეს ხომ არ იყო ის მტრულად განწყობილი ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც ის იბრძოდა. ინტერპოლი აუცილებლად დაუდასტურებდა, რომ ამ ინფორმაციას რუსეთისთვის იკვლევდა.
საქართველოს შეეძლო, რომ უარი ეთქვა, რადგანაც ეს ადამიანი სამხედრო ვეტერანია. ინტერპოლის მესამე მუხლის თანახმად, დაუშვებელია რომ პირის ძებნა სამხედრო, პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მოხდეს.
– რუსეთი გია ცერცვაძის პიროვნებით ასე დაინტერესებული რატომ არის? თუ მას უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობის გამო დევნიან, მაშინ თქვენი ფიგურა მათთვის უფრო საინტერესო არ უნდა იყოს? ქართული ლეგიონის მეთაური ხომ თქვენ ხართ…
– გია ცერცვაძე აფხაზეთის და 2008 წლის ომში იბრძოდა. ის ფლობს რუსებისთვის საკამოდ ბევრ ინფორმაციას, რომელიც აგვისტოს ომის შესახებ მათთვის საინტერესო იქნება. ასევე, ის უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს უამრავ ინფორმაციას ფლობს. რატომ მასზე და არა ჩემზე? დავიწყოთ იქიდან, რომ გია ცერცვაძე მოსკოვში სწავლობდა და მასზე მსგავსი საქმის შეთითხვნა უფრო ადვილი იქნებოდა.
ხოლო მე რაც შემეხება, არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთმა ჩემს დასაკავებლად საკმაოდ დიდი ჯილდო დააწესა. მე რუსეთში ნომერ პირველ პერსონა ნონ გრატად ვარ გამოცხადებული.
უკრაინაშიც ჩემზე საკამოდ დიდი ნადირობა მიდის. რუსებს აქ სერიოზული აგენტურული ქსელი აქვთ. რა თქმა უნდა, მათთვის საოცნებოა, რომ ჩემი დაკავება მოხდეს. გამორიცხული უკვე არაფერია. როგორც ვხედავთ, მათ ქართველ სამხედროებზე პირდაპირ ნადირობა დაიწყეს და ამისთვის მესამე ქვეყნებს იყენებენ.
– ამ ფაქტიდან გამომდინარე არსებობს საფრთხე, რომ თუნდაც უკრაინაში სხვა ქართველი სამხედროების დაკავებაც მოხდეს? შესაძლოა მათ შორის თქვენც იყოთ?
– გამომდინარე იქედან, რომ გია ცერცვაძე უკრაინამ რუსეთს არ გადასცა, ჩვენ ამ ეტაპზე ეჭვი აღარ გვაქვს, რომ აქ დაუცველები ვიქნებით. ეს ერთი პრეცედენტი მაინც რომ მომხადარიყო, მერწმუნეთ, ყველა აქ მყოფ ჯარისკაცს და მათ შორის მეც, რუსეთისთვის გადაცემა გვემუქრებოდა. ახლა დავაკვირდებით მოვლენებს და ვნახოთ სიტუაცია როგორ განვითარდება.
თუმცა, ერთი რამის თქმა შემიძლია, ამ ფაქტის ირგვლივ თუ არ გაირკვა საქართველოში რა მოხდა, ეს იყო უბრალო შეცდომა თუ განზრახ ჩადენილი დანაშაული, იგივე კიდევ განმეორდება და დახმარებას უკვე ვეღარ შევძლებ.
ელზა პაპოშვილი