ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„უკრაინა რუსეთისგან ინფორმაციას ელის“: რატომ დატოვეს გია ცერცვაძე პატიმრობაში

„ თუ რუსეთმა იმ ქართველი ჯარისკაცების დასჯა გადაწყვიტა, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მაშინ გიორგი ცერცვაძესთან ერთად საფრთხე  ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილსაც ემუქრება“, -ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა მამუკა არეშიძემ „მეტრონომთან“  განაცხადა.

ვიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, უკრაინის მთავარი პროკურორის იური ლუცენკოს დაპირების მიუხედავად, სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება იმ მოტივით ახსნა, რომ პირველმა ინსტანციამ შესაბამისი დოკუმენტაცია  სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებით გადაგზავნა.

რატომ აჭიანურებს ქართველი სამხედროს გათავისუფლებას უკრაინული მხარე? ეს ხომ არ ნიშნავს იმას რომ ისინი რუსეთისგან ცერცვაძის საქმის შესახებ დამატებით ინფორმაციას ელიან? რატომ არ გაითვალისწინა სასამართლომ მთავარი პროკურორის ლუცენკოს რეკომენდაცია და ცერცვაძეს რუსეთის მხარისთვის გადაცემის საფრთხე ხომ არ ემუქრება?

ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად „მეტრონომი“ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტებს ესაუბრა. მათი აზრით, უკრაინული სამართალდამცავების ქმედება საკმაოდ საეჭვოა. ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა უკრაინას ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემა სურდა, თუმცა საქმის რეზონანსის შემდეგ გადაიფიქრეს.

თუმცა,  ფაქტია რომ უკრაინის სასამართლომ ცერცვაძის არც უკრაინა-რუსეთის ომში მონაწილეობის მიღება გაითვალისწინა და არც ის, ვიცე პოლკოვნიკი რომ  სამხედრო ვეტერანია და 2008 წლის ომში მონაწილეობდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჯერ მხოლოდ ეს მიზეზები იქნებოდა   საკამრისი,  უკრაინას ის საერთოდ არ  დაეკავებინა.

გია ცერცვაძის საქმეზე  კიევის სააპელაციო სასამართლოში სხდომა 3 თებერვალს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ქართველი ჯარისკაცი, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით  დაკავებულ  იქნა. გია ცერცვაძე უკრაინაში 15 იანვარს დააპატიმრეს.

ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს სავარაუდოდ  ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე კი საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა. რუსეთის მიერ  უკრაინაში გადაგზავნილი საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობაში ედება ბრალი.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე „მეტრონომთან“  ამბობს, რომ გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვება უკრაინის მიმართ გარკვეულ ეჭვებს აჩენს. მისი თქმით, ამით კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რომ რუსეთს ცერცვაძის მიმართ, განსაკუთრებული ინტერესი აქვს. მისი აზრით, უკრაინელ სამართალდამცავებს ცერცვაძე არც კი უნდა დაეკავებინათ, რადგანაც ის ამ ქვეყნის  მხარეს იბრძოდა და არაერთ ანტიტერორისტულ ოპერაციაში მიუღია მონაწილეობა.

არეშიძის აზრით, მას დანაშაული ჩადენილიც რომ ჰქონოდა, მისი სამხედრო მოღვაწეობიდან გამომდინარე უკრაინულ მხარეს კითხვები უნდა გასჩენოდა. „რუსეთს  საკმაოდ ბევრი მიზეზი აქვს, რომ ცერცვაძის მიმართ, პირადი დაინტერესება ჰქონდეს.“-განაცხადა არეშიძემ „მეტრონომთან“.

კონფლიქტოლოგის  თქმით, ბევრი ვერსია შეიძლება დავასახელოთ, თუ რატომ დაიწყო რუსულმა სპეცსამსახურებმა ცერცვაძეზე ნადირობა. არეშიძის განმარტებით, ის შეიძლება ჰააგის სასამართლოზე, როგორც მოწმე ისე სჭირდებოდეთ,  ან უბარლოდ, უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობისთვის, რუსულ მხარეს ცერცვაძეზე  შურისძიება სურს. მამუკა არეშიძე „მეტრონომთან“ ამბობს:

„ თუ რუსეთმა იმ ქართველი ჯარისკაცების დასჯა გადაწყვიტა, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მაშინ გიორგი ცერცვაძესთან ერთად საფრთხე, ასევე, ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილსაც ემუქრება.

მითუმეტეს, უკრაინულმა სასამართლომ ძალიან საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო. ადამიანი მათ ტერიტორიაზე სიცოცხლეს სწირავს და რაღაც 13 წლის წინანდელი გაუგებარი საქმის გამო მას პატიმრობაში ტოვებენ-ეს   უცნაურად მიმაჩნია.

მთავარმა პროკურორმა იური ლუცენკომ პირობა დადო, რომ მას სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებდნენ და ეს დაპირება ვერ შესრულდა. ყველაზე საინტერესო ის საქმეა, რომელშიც ცერცვაძეს რუსული მხარე ბარლს სდებს. გასარკვევია 2003 წელს ეს ადამიანი მართლა იმყოფებოდა თუ არა რუსეთში და ასევე, მსახურობდა თუ არა ჯარში.

საეჭვოდ დაემთხვა ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ლიტვაში დაკავება, რომელმაც, რუსების მტკიცებით, დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა. (საუბარია ზურა მაისურაძეზე, რომელსაც რუსეთი ცხინვალის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის ორგანიზებაში სდებს ბრალს. რედ.)

მასთან (ზურა მაისურაძესთან) მიმართებაში, რა თქმა უნდა, დაინტერესება ცხადია. ის ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც საკმაოდ ბევრ ინფორმაცის ფლობს. ასევე, ის სახელმწიფოს ბევრი საიდუმლო ინფორმაციის  მატარებლია.

შესაბამისად,  ჩნდება კითხვა,  რუსეთს გია ცერცვაძე რაში სჭირდება?  ამ კითხვის გარშემო ძალიან ბევრი ვერსია შეიძლება ჩამოყალიბდეს. არ არის ლოგიკას მოკლებული, რომ ცერცვაძე რუსებს ჰააგის სასამართლოზე მოწმის სახით სჭირდებოდეს.

ან კიდევ შურისძიებისთვის, რადგანაც ის უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა და რუსებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ვფიქრობ,  საქართველოს მხარემ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო“-განაცხადა არეშიძემ „მეტრონომთან“.

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ვახტაგ მაისაია „მეტრონომთან“ ამბობს, რომ უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ეჭვი გააჩინა. მისი აზრით, უკრაინას ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემა სურდა, თუმცა საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე  ვეღარ გაბედეს. მაისაიას აზრით, უკრაინა შეიძლება რუსეთისგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას ელის.

ექსპერტი ვარაუდობს, რომ უკრაინაში კიდევ არსებობენ ძალები, რომლებიც რუსეთს ანგარიშს უწევენ და მათი განაწყენება არ სურს. მაისაია საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ფრთხილად იყვნენ და საქმეს გულისყურით მიუდგნენ:

„უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან საეჭვოდ გამოიყურება.  ყველაფერი ცალსახად ნათელია, რომ ის არის სამხედრო, რომლის პიროვნებითაც მტრულად განწყობილი ქვეყანა დაინტერესებული იქნება.  აქ საუბარი არ არის იმაზე, მან ნამდვიალდ ჩაიდინა თუ არა ეს დანაშაული. საქმე იმაშია, რომ ოფიცრის მტრულად განწყობილი ქვეყნისთვის გადაცემა, რომელთანაც საქართველო ფაქტიურად საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფება, სამხედრო ტყვის გადაცემის ტოლფასია.

შესაბამისად,  უკრაინას ცერცვაძე საერთოდ არ უნდა დაეკავებინა. სამართალდამცავების მოქმედება გარკვეულ კითხვებს აჩენს. არ მინდა პესიმისტურად გამომივიდეს, მაგრამ ეჭვი გაჩნდა, რომ უკრაინა ცერცვაძის გადაცემას აპირებდა.  საზოგადოების მხრიდან ამხელა ხმაური რომ არ ატეხილიყო, ალბათ ასეც მოიქცეოდა.  არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინა რუსეთის მხრიდან დამატებით ინფორმაციის მიღებას ელოდებოდეს.

გია ცერცვაძეს რუსეთი შეკვეთილ მკვლელობას აბრალებს. აქ საუბარი სოჭაში ბიზნესმენის მკვლელობას ეხება, რომელიც ასევე კრიმინალურ ავტორიტეტად ითვლებოდა. რუსეთი აქცენტს სწორედაც რომ შეკვეთილ მკვლელობაზე  აკეთებს.   ამიტომაც, უკრაინა ცდილობს, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოს.

ცერცვაძე 2008 წლის ომის მონაწილეა, ის ასევე საერთაშორისო სამშვიდობო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, ის რუსეთისთვის ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელია. მან როგორც ჩანს უკრაინაში რუსებს სერიოზული ზიანი მიაყენა. ხოლო 2008 წლის ომში მისი მონაწილეობა დამატებითი სტიმული გახდა, რათა ის ხელში ჩაიგდონ“,-ამბობს მაისაია.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ თავად უკრაინაში ქართული ლეგიონის წარმომადგენლებზეც განსაკუთრებული ნადირობა მიდიოდეს. მაისაიას განმარტებით, რუსეთს შავი სია აქვს, სადაც მამუკა მამულაშვილიც იქნება. ექსპერტის აზრით, ის რუსებისთვის საკმაოდ სასურველი ტყვე იქნება. ამიტომაც ფიქრობს, რომ ქართველი სამხედროები უნდა გაფრთხილდნენ და საქართველომ მსგავსი შეცდომა აღარ უნდა დაუშვას.

განახლება: გია ცერცვაძე თავისუფალია-„გიას ათავისუფლებენ. პროკურატურის გადაწყვეტილებაა. ეს არის დროებითი პატიმრობის მოხსნა. რუსეთისთვის გადაცემის აკრძალვაზე ჩვენ ვილაპარაკებთ საექსტრადიციო შემოწმების დასრულების შემდეგ“, – ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს. 

ელზა პაპოშვილი

 

იტვირთბა....